აზერბაიჯანულ „სოკარს“ რუსული „გაზპრომისგან“ გაზის შესყიდვის განახლება სურს

პუბლიკა

ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ი დაინტერესებულია, განაახლოს ბუნებრივი აირის შესყიდვა რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომისგან“ მიუხედავად იმისა, რომ თავად აზერბაიჯანი გაზის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია. ამის შესახებ SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტმა ელშად ნასიროვმა 16 ოქტომბერს განაცხადა.

მოსკოვში გამართულ ფორუმზე „რუსეთის ენერგეტიკული კვირეული“ ნასიროვმა აღნიშნა, რომ წარსულში SOCAR „გაზპრომისგან“ გაზს ყიდულობდა, ვიდრე თავად გახდებოდა რუსული კომპანიისთვის გაზის მიმწოდებელი. თუმცა, მისი თქმით, შესყიდვების განახლების კონკრეტული გეგმა ამჟამად არ არსებობს. მას არც შესაძლო შესყიდვების მოცულობისა და არც მიწოდების ვადების შესახებ დაუკონკრეტებია ინფორმაცია.

„შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ისეთ გიგანტთან თანამშრომლობა, როგორიც „გაზპრომია“, ძალიან კარგი მაგალითია. „სოკარი“ ალბათ ერთადერთი კომპანიაა მსოფლიოში, რომელმაც თავდაპირველად „გაზპრომისგან“ გაზი იყიდა, შემდეგ თავად მიაწოდა მას გაზი, ახლა კი კვლავ სურს გაზის შესყიდვა“, – განაცხადა ნასიროვმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა მოცულობის გაზის შეძენას აპირებს აზერბაიჯანი „გაზპრომისგან“, ნასიროვმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმა არ არსებობს.

„ეს უბრალოდ ფაქტია, რომელიც ადასტურებს, რომ გაზიც გვიყიდია და გაგვიყიდია. კონკრეტული გეგმები არ არსებობს“, – განაცხადა მან.

აზერბაიჯანის გაზით ვაჭრობა რუსეთთან

წარსულში აზერბაიჯანი შიდა მოთხოვნის ნაწილის დასაკმაყოფილებლად რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული. 2006 წელს ქვეყანამ რუსეთიდან დაახლოებით 4,48 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეიძინა.

2007 წელს იმპორტი შეწყდა, რადგან აზერბაიჯანმა ადგილობრივი გაზის მოპოვება გაზარდა, განსაკუთრებით შაჰ-დენიზის საბადოზე. მიწოდების შეჩერებას ხელი შეუწყო გაზის ფასებთან დაკავშირებულმა უთანხმოებამაც.

შემდგომში გაზით ვაჭრობის მიმართულება შეიცვალა და 2010 წელს აზერბაიჯანმა რუსეთში გაზის ექსპორტი დაიწყო.

2017 წლის ნოემბერში SOCAR-მა და „გაზპრომმა“ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთიდან 1,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებდა. აზერბაიჯანმა 2017 წელს დაახლოებით 349 მილიონი კუბური მეტრი, ხოლო 2018 წელს – 999 მილიონი კუბური მეტრი გაზი შეიძინა. 2018 წლის შემოდგომაზე შესყიდვები კვლავ შეწყდა.

2022 წლის ნოემბერში ორმა კომპანიამ კიდევ ერთი შეთანხმება გააფორმა. ის 2022 წლის 15 ნოემბრიდან 2023 წლის 1 აპრილამდე პერიოდში მაქსიმუმ ერთი მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებდა.

ამავდროულად, აზერბაიჯანი საერთაშორისო ბაზრებზე გაზის ექსპორტს კვლავ აფართოებს. 2026 წლის იანვარში „სოკარმა“ გერმანიისა და ავსტრიისთვის გაზის მიწოდების დაწყების შესახებ განაცხადა.

ბოლო განცხადებაში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია გაზის მიწოდების შესაძლო ახალი შეთანხმების დეტალებზე, მათ შორის შესასყიდი გაზის მოცულობასა და მიწოდების დაწყების სავარაუდო თარიღზე.

საერთაშორისო ფორუმი „რუსეთის ენერგეტიკული კვირეული“ მოსკოვში 14-16 ოქტომბერს გაიმართა. ღონისძიება რუსეთის მთავრობის, ენერგეტიკის სამინისტროსა და მოსკოვის მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა და მას ორგანიზება „როსკონგრესის ფონდმა“ გაუწია.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.