ავტორი: ნეიტ ოსტილერი
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა გააკრიტიკა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ ახლახან კიდევ ერთხელ გამოხატული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და განაცხადა, რომ ალიევის პოზიცია „მცდარია“. რამდენიმე დღით ადრე ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი კვლავაც დაუჭერს მხარს უკრაინის „ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობას“. მან ასევე სიტყვასიტყვით გაიმეორა 2025 წელს გაკეთებული განცხადება, როდესაც უკრაინელებს ურჩია, „არასოდეს დათანხმდნენ ოკუპაციას“.
ალიევმა ეს კომენტარები გააკეთა შუშის მედია ფორუმზე უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრი გორდონის კითხვის საპასუხოდ – გორდონმა იკითხა, რა გზას უნდა დაადგეს უკრაინა. ჟურნალისტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ასევე ჰკითხა, რას ურჩევდა ის ვლაადიმირ პუტინს, და დასძინა, რომ მას „აღარ დარჩა არც ერთი კარგი გამოსავალი“, თუმცა ალიევმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
14 ივლისს ამ განცხადებებს გამოეხმაურა დმიტრი პესკოვი და თქვა:
„რაც შეეხება უკრაინის საკითხზე ამ პოზიციას, ჩვენ მას მცდარად მივიჩნევთ“.
მან დასძინა:
„ჩვენ თანმიმდევრულად და დამაჯერებლად ავუხსნით ყველა შესაძლო არხის მეშვეობით, რატომ მიგვაჩნია ეს პოზიცია მცდარად“.
პესკოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთს კარგი ურთიერთობები აქვს სხვა ქვეყნებთანაც, რომლებიც უკრაინის საკითხზე მსგავს პოზიციას იზიარებენ, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის თემაზე უთანხმოება არ გამორიცხავს პარტნიორობას სხვა სფეროებში.
„ეს არ არის მიზეზი, რომ ამ საკითხმა რაიმე ჩრდილი მიაყენოს რუსეთ-აზერბაიჯანის ორმხრივ ურთიერთობებს. ჩვენ პრაგმატული მიდგომა გვაქვს და მიგვაჩნია, რომ ურთიერთობები ყველანაირად უნდა განვავითაროთ, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანასთან, როგორიც აზერბაიჯანია,“ – განაცხადა პესკოვმა.
აზერბაიჯანი დიდი ხანია მხარს უჭერს უკრაინას და ეწინააღმდეება რუსეთის მიერ მისი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას. ბაქომ დაგმო 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსია და 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას. თუმცა, აზერბაიჯანს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება ოფიციალურად არ გაუწევია.
ამავე დროს, აზერბაიჯანისა და რუსეთის ურთიერთობები, როგორც ჩანს, გაუმჯობესების გზაზეა. ალიევმა თქვა ისიც, რომ თითქმის ერთი წლის განმავლობაში არსებული უპრეცედენტო დაძაბულობის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები „სრულად ნორმალიზდა“.
რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2024 წელს რუსეთმა შეცდომით საზენიტო რაკეტებით აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) სამგზავრო თვითმფრინავი მიზანში ამოიღო, რის შედეგადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი 38 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.