ავტორი: ნეიტ ოსტილერი
„გარდიანის“ ცნობით, აშშ-ში მცხოვრები, რუსეთში დაბადებული ბიზნესმენი კონსტანტინ სოკოლოვი დაინიშნა იმ 200 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის დაფინანსების ზედამხედველად, რომელიც „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტისთვის არის გათვალისწინებული. მარშრუტი აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიის გავლით მის ექსკლავთან – ნახიჩევანთან დააკავშირებს.
სოკოლოვს, რომელსაც პოლიტიკაში მუშაობის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თეთრი სახლის 350-მილიონიანი სამეჯლისო დარბაზის ჯერ კიდევ დაუსრულებელი პროექტისთვის ფინანსური შემოწირულება აქვს გაღებული, რამაც გააჩინა ეჭვები, რომ მისი დანიშვნა პოლიტიკური მადლიერების გამოხატულებაა.
„გარდიანმა“ ინფორმაცია 14 ივლისს გაავრცელა და აღნიშნა, რომ სოკოლოვის დანიშვნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც დაადასტურა.
„ტრამპის მარშრუტი“, რომლის სრული სახელწოდებაა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP), სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ახალი ჩართულობის ერთ-ერთი მთავარი პროექტია. ის ასევე 2025 წელს ვაშინგტონში გამართული შეხვედრის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგია, რომელშიც მონაწილეობდნენ დონალდ ტრამპი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
ისტორიული მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის პარაფირება მოახდინეს, თუმცა მისთვის ხელი არ მოუწერიათ. ამავე შეხვედრამ ჩაუყარა საფუძველი „ტრამპის მარშრუტის“ პროექტსაც.
მას შემდეგ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია თითქმის არ გავრცელებულა და „გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებული ცნობები ყველაზე კონკრეტული მონაცემებია, რაც აშშ-ს „ტრამპის მარშრუტის“ გამოცხადების შემდეგ გაუმჟღავნებია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა „გარდიანს“ განუცხადა, რომ TRIPP+ ფონდი 201 მილიონ დოლარს მიიღებს. ფონდს ექნება უფლება, გასცეს სესხები, განახორციელოს კაპიტალდაბანდებები და გასცეს გრანტები, რომლებიც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის სტრატეგიულ განვითარებას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში.
სოკოლოვის ბიზნესსაქმიანობა სომხეთში და ქველმოქმედება აშშ-ში
სოკოლოვი, რომელიც აშშ-ში 1997 წელს, 21 წლის ასაკში გადავიდა, წლების განმავლობაში აქტიურად ეწეოდა ქველმოქმედებას და აშშ-ის პოლიტიკურ პარტიებს, ძირითადად კი რესპუბლიკურ პარტიას, მნიშვნელოვან თანხებს სწირავდა.
მისი ყველაზე დიდი შემოწირულება, როგორც ჩანს, 2025 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტისთვის გადარიცხული 100 მილიონი დოლარია, რომელიც უნივერსიტეტის ბუთის ბიზნესსკოლის მხარდასაჭერად გაიღო. სოკოლოვმა სწორედ ეს უნივერსიტეტი დაამთავრა 2005 წელს.
გარდა ამისა, მან რესპუბლიკური პარტიის არაერთი ინიციატივა და კანდიდატი დააფინანსა, მათ შორის ტრამპს მეორე საპრეზიდენტო ვადის პერიოდში 11 მილიონი დოლარი შესწირა, ხოლო თეთრი სახლის საბურთალო დარბაზის პროექტისთვის უცნობი ოდენობის თანხა გაიღო.
სოკოლოვი სომხეთშიც კარგად არის ცნობილი. 2024 წლის იანვარში მისმა კომპანია „ფედილკო ჯგუფმა“, რომელსაც ჩინელ ინვესტორ ჯე ჟანგთან ერთად ფლობს, სომხეთის უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანია „Viva-MTS“-ში საკონტროლო პაკეტი შეიძინა. კვიპროსში რეგისტრირებული „ფედილკო ჯგუფი“ სომხეთის სხვა საკომუნიკაციო კომპანიებშიც ფლობს წილებს.
2024 წელს „Viva-MTS“-ის შეძენის შემდეგ, იმავე წლის ბოლოს, სომხეთის მთავრობამ კომპანიის 20%-იანი წილი შეიძინა გარიგებით, რომლის დეტალებიც დღემდე ბუნდოვანია. კომპანიამ განაცხადა, რომ აღნიშნული აქციები მთავრობას უსასყიდლოდ გადასცა.
სომხურმა საგამოძიებო გამოცემამ „ჰეტქმა“ გარიგებიდან მალევე დაწერა, რომ არსებობდა კითხვები სოკოლოვის რეალურ როლთან დაკავშირებით „Viva-MTS“-ში და ვარაუდობდა, რომ კომპანიის მართვაში სხვა პირები უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ.
უფრო ახლახან, ივლისის დასაწყისში, „რადიო თავისუფლებამ“ (RFE/RL) გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოკოლოვმა სომხეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამთო საწარმოში – „თეღუთის“ მაღაროში – თითქმის 50%-იანი წილი შეიძინა. აქციები მან რუსეთის სახელმწიფო ბანკ VTB-სგან იყიდა, რომელიც დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.