თამაზაშვილის თქმით, ღარიბაშვილმა „11 თვის განმავლობაში შვილები სულ ორჯერ“ ნახა შვილები 

პუბლიკა

დაპატიმრებული ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ.

თამაზაშვილის თქმით, ღარიბაშვილმა 11 თვის განმავლობაში შვილები სულ ორჯერ ნახა შვილები.

„11 თვის განმავლობაში სულ ორჯერ ჰქონდა პაემანი. გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები“

ეს პოსტი არ ეხება პოლიტიკას, არც სამართლებრივ „აბლაბუდას“. შეიძლება ირაკლი არ მოგწონდეს – როგორც პოლიტიკოსი. ვიღაცისთვის შეიძლება ყველაზე დიდი “კრიმინალია” საქართველოს ისტორიაში ბევრი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური მანიპულაციების მსხვერპლია. ზოგიერთს დიდი პოლიტიკური გათვლისა და მანევრის „სუნი“ სცემს…

მოკლედ, უამრავი აზრი და ვერსიაა ირაკლის გარშემო. თუმცა არ მგონია, არსებობდეს ადამიანი, ვინც ბედნიერია იმით, რომ ირაკლის „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ.

ოფიციალური მიზეზი ისაა, რომ კუთვნილი პაემანი ამოიწურა – სულ ორჯერ ნახა შვილები, ანუ ორი პაემანი ჰქონდა 11 თვის განმავლობაში… დამატებითი პაემანი კეთილი ნება და წახალისებაა, რომელიც კანონით ციხის უფროსის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები“, – წერს ის Facebook-ზე.

განახლება: 

​დღეს, 7 ნოემბერს „ტვ პირველთან“ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმაც თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. ლილი გელაშვილის თქმით, ეს ფსიქოლოგიური ზეწოლაა, რომელიც ექსპრემერზე ციხიდან წერილების გამოგზავნის გამო ხორციელდება.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „ინტერპრესნიუსთან“ ეს განცხადებები „კატეგორიულად უარყო“.

უწყებამ გამოცემას უთხრა, რომ „დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია მსჯავრდებული ღარიბაშვილი) დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს აქვს წელიწადში ორი ხანგრძლივი და თვეში ერთი ხანმოკლე პაემნის გამოყენების უფლება და ეს ლიმიტები მას სრულად აქვს ათვისებული.

რაც შეეხება წახალისების ფორმით თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის დამატებითი პაემნის დანიშვნას, უწყების განცხადებით, პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, ეს ხდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, თუმცა „ეს არის წახალისების ერთ-ერთი ფორმა და არა დირექტორის ვალდებულება“.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამ ფორმით დანიშნული პაემნითაც ირაკლი ღარიბაშვილს არაერთხელ უსარგებლია, ამიტომ „დაცვის მხარის განცხადებები რაიმე სახის შეზღუდვაზე სრულიად უსაფუძვლოა“.

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა 2 თვის წინაც თქვა, რომ ექსპრემიერს შვილებთან დანიშნული პაემანი გაუუქმეს. პაემნის გაუქმება მაშინაც უარყო პენიტენციურმა სამსახურმა. უწყება დღეს ამბობს, რომ „მაშინაც და ახლაც, მსჯავრდებულისთვის დამატებითი პაემანი არ ყოფილა ჩანიშნული, შესაბამისად, მისი გაუქმებაც ვერ მოხდებოდა“.


ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამჟამად 5-წლიან სასჯელს იხდის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით – 2026 წლის იანვარში ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. სწორედ ამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე განესაზღვრა მას სასჯელის სახედ 5-წლიანი პატიმრობა და დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით.

2026 წლის 24 აგვისტოს პროკურატურამ ღარიბაშვილს ახალი წარუდგინა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. მუხლი 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.