ღარიბაშვილის ცოლის ძმამ, ალექსანდრე თამაზაშვილმა ღვინის კომპანიაში წილი 3 მილიონ ლარად გაყიდა

პუბლიკა

ყოფილმა დეპუტატმა, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმამ, ალექსანდრე თამაზაშვილმა ღვინის კომპანიაში წილი 3 მილიონ ლარად გაასხვისა.

თამაზაშვილი „ვაინ კახეთის“ 22.5%-ის წილის მფლობელი იყო. წილი ბიზნესპარტნიორმა რობი ქევხიშვილმა იყიდა, რომელიც მანამდე კომპანიის 43%-იან წილს ფლობდა. კომპანიის დანარჩენ წილებს ფლობენ – ლევან ზილფიმიანი (22.5%), გიორგი ხითარიშვილი (8%) და შალვა მერებაშვილი (4%). ეს სამეწარმეო რეესტრში 10 სექტემბრის დოკუმენტაციაში ასახული.

მას შემდეგ, რაც ლექსო თამაზაშვილმა წილები გაყიდა, „ღვინის ეროვნულმა სააგენტომ“ კომპანიასთან 2026 წლის რთველის ფარგლებში ყურძნის მიღება-გადამუშავების სერვისისთვის 600,000 და 840,000 ლარის კონტრაქტები გააფორმა – ამის შესახებ ინფორმაცია „ნოდარ მელაძის შაბათმა“ გაავრცელა. სიუჟეტის პასუხად ლექსო თამაზაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ წილი იძულებით არ დაუთმია. მისივე თქმით, კახეთში წლიურად გადამუშავებული ყურძნის „მხოლოდ 1-2% თუ მოდიოდა მათ ქარხანაზე იმ დროს, როცა ტექნიკური შესაძლებლობები 10-15%-ის გადამუშავების საშუალებას იძლევა“.

მისივე თქმით, ვინაიდან უწევს თავისი ოჯახის ინტერესების დაცვა, მიმდინარე პროცესებში „მეგობრების და პარტნიორების გარევა უსამართლობა იქნებოდა“, ამიტომ მათ წინაშე პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ამჯობინა.

Reportal.ge-ზე გამოქვეყნებული უახლესი, 2024 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, შპს “ვაინ კახეთის” შემოსავალი 7.2 მილიონ ლარს შეადგენდა, აქტივების ღირებულება კი – 36.4 მილიონ ლარს.