ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან წერს, რომ „ამიერიდან მასსა და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობას ეკისრება“.
მისივე თქმით, ხვალ, 18 აგვისტოს გაავრცელებს ვრცელ წერილს და „საზოგადოებას ეტყვის მის სიმართლეს“.
ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე წერს:
„ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემსა და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“.
თავის მხრივ წერილში, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, ნათქვამია, რომ შესაძლოა, მას კორუფციის ბრალდებები წარუდგინონ, რაზე რეაგირების 2 ვარიანტი არსებობს: ან სასამართლოს გზით ბრძოლა, ან აღიარება და საპროცესო შეთანხმების გაფორმება, ციხიდან გამოსვლის შემთხვევაში კი „არ უნდა ეცადოს პოლიტიკაში დაბრუნებას“.
ირაკლი ღარიბაშვილი არ აკონკრეტებს, ვინ არის წერილის ავტორი ან როდის მიიღო ის მან.
წერილში ნათქვამია:
„დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა „მხარდამჭერებმა” და სოციალურ ქსელებში დაორგანიზებულმა კამპანიებმა ძალიან სერიოზული ეჭვები გააჩინეს და მაგრად დაგვაზიანეს.
ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის რამდენიმე საქმეზე, რომლების სავარაუდო შედეგები იქნება კორუფციის ბრალდებები. ამიტომ არსებობს ჩვენი მოქმედების ორი ვარიანტი:
- ვიდავოთ სერიოზულად და ბოლომდე მივაწვეთ, თვითონ როგორც შემოგვთავაზეს;
- (მეორე ვარიანტი – კომპრომისული გამოსავალი) – ვაღიაროთ (ჩვენ თავზე ავიღოთ) ერთი რომელიმე საქმე, სადაც შეთანხმებით მოხდება ყველაფერი, აღიარებაც, მოწმეების მხრიდან ხელის დადებაც და ა.შ. ამ შემთხვევაში გვთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას იგივე 5-წლიანი ვადით, ანუ როგორც მიხსნიან, სასჯელები ერთმანეთს შთანთქავენ და ისევ 5 წელი დარჩება.
გამოსვლის შემდეგ არ უნდა გაეკარო პოლიტიკას და თუ „გადაგდებას გადაწყვეტ”, კორუფციული ბრალდება, რომელიც ნაღიარები გექნება, იქნება დაზღვევის მექანიზმი, რომ პოლიტიკაში დაბრუნება არ იფიქრო“.
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 5-წლიანი პატიმრობა 12 იანვარს მიუსაჯეს. მას ასევე დააკისრეს 1 მილიონი ლარის ჯარიმა.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალად წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ანუ ფულის გათეთრება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. მუხლი 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა ღარიბაშვილმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა, ანუ დანაშაული აღიარა.