კოვიდპასპორტის გარეშე ობიექტზე პირის შესვლისას დაჯარიმდება ბიზნესი და არა მოქალაქე

პუბლიკა

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის თქმით, კოვიდპასპორტის გარეშე პირის ობიექტზე შეშვებისთვის, არა თავად მოქალაქე, არამედ ბიზნესობიექტი დაჯარიმდება. ამის შესახებ ბექა ფერაძემ „ინტერპესნიუსთან“ ისაუბრა.

„შრომის ინსპექცია როგორც აქამდე აკონტროლებდა კოვიდრეგულაციების აღსრულებას, ასევე გააკონტროლებს, ე.წ. მწვანე პასპორტების მოქმედების არეალებში დასაცავ წესებს. ეს იქნება გეგმური და არაგეგმური ინსპექტირებები და მოვახდენთ იდენტიფიცირებას, რამდენად იცავს ობიექტი, ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.

იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა აღმოვაჩინეთ, ეს იწვევს ფიზიკური პირის მიმართ 2 000-ლარიან ჯარიმას, იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიან ჯარიმას. ხოლო თუ კომპანია სისტემურად არღვევს და ამაზე გვაქვს ინფორმაცია, შესაძლოა, ეს დალუქვის და ასევე, დროებით საქმიანობის შეჩერების საფუძველიც გახდეს.

ეს რეგულაციები 1 დეკემბრის შემდეგ შედის ძალაში. კომპანიამ არ უნდა შეუშვას და თუ შეუშვებს ეს უკვე კომპანიის პასუხისმგებლობაა. მხოლოდ კომპანია ჯარიმდება, მოქალაქე არა“, – თქვა ბექა ფერაძემ.

ბექა ფერაძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით კოვიდპასპორტებით ობიექტებზე შესვლისას დაირღვევა თუ არა წესები, სხვადასხვა უწყებები შეამოწმებენ.

„სხვადასხვა უწყებები იქნებიან ჩართული. იქნება ეს შს სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფები, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ა.შ. ერთობლივად მოვახდენთ ზედამხედველობას“, – ამბობს ფერაძე „ინტერპრესნიუსთან“.


კოვიდპასპორტები საქართველოში 1 დეკემბრიდან ამოქმედდება. პირს „მწვანე სტატუსი“ ექნება, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

„მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის. კოვიდპასპორტით სარგებლობა აუცილებელი იქნება შემდეგი სახის ობიექტებში:

  • კვების ობიექტები;
  • რესტორნების, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში;
  • კინოთეატრებში;
  • თეატრებში;
  • ოპერაში;
  • მუზეუმებში;
  • საკონცერტო დარბაზებში;
  • გასართობ ცენტრებში;
  • სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე;
  • სპა-ცენტრებში;
  • ფიტნეს-დარბაზებში;
  • სასტუმროებში;
  • სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე;

აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე და არა ობიექტებში დასაქმებულ პირებზე.