„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, ამერიკელი იურისტი თედ ჯონასი საქართველოს ხელისუფლების მიერ სამართლიანი სასამართლოსა და რამდენიმე სხვა ძირითადი უფლების (შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყობის აკრძალვის, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების) დარღვევას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასაჩივრებს.
TI-ის ცნობით, თედ ჯონასი უკვე 30 წელზე მეტია, საქართველოში ცხოვრობს და აქტიურად მონაწილეობს პროევროპულ აქციებში. ის 2024 წლის 1 მაისის ღამეს საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს და როგორც ჯონასი ამბობს, ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.
„დაკავებისას მასზე რამდენჯერმე, ხელებით და ფეხებით იძალადა 5-6 რობოკოპმა. შემდეგ იგი 10 სხვა უკანონოდ დაკავებულთან ერთად, დაახლოებით 2 საათი ამყოფეს პოლიციის მიკროავტობუსში, სადაც აუტანელი სიცხე და უჰაერობა იყო, ხოლო შიგნით მყოფებს დროდადრო რობოკოპები სასტიკად სცემდნენ.
მოგვიანებით თედ ჯონასი, რომელსაც სახეზე ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გადაიყვანეს და გამთენიისას გაათავისუფლეს“, – აცხადებს TI.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ძალადობის ამ ფაქტებთან დაკავშირებით უკვე წელიწადზე მეტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ.
„გამოძიებას დღემდე არ დაუდგენია მოძალადე პოლიციელების ვინაობა. ბუნებრივია, ამ უკანონობისათვის პასუხიც არავის უგია.
გარდა ამისა, თედ ჯონასი, რომელიც თავად გახდა ძალადობის და უკანონო დაკავების მსხვერპლი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ საფუძვლით სამართალდამრღვევად ცნო და მას ჯარიმის სახით 2000 ლარის გადახდა დააკისრა.
მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს, რომლებიც დაცვის მხარემ რამდენჯერმე ამხილა ღია და აშკარა ტყუილში. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ“, – აღნიშნავს TI.
სტრასბურგში თედ ჯონასის უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტები დაიცავენ.