მასწავლებელი, რომელმაც კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, ჩვენს შვილებს არ უნდა ასწავლიდეს – მინისტრი

პუბლიკა

„ჩემი ღრმა რწმენით, მასწავლებელი, რომელიც მინიმუმ კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ის ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს და არც იქნება“, – განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით შეკითხვის პასუხად პარლამენტში.

მისი თქმით, ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებმაც კომპეტენციის ზღვარი ვერ დააკმაყოფილეს, კონკურსის გზით ჩანაცვლდებიან.

„ეს გამოცდა იყო მხოლოდ პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის. კი, სამწუხარო შედეგი იყო, მაგრამ ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ გაჯანსაღდეს და გაუმჯობესდეს ხარისხი სკოლებში.

გეტყვით, რა გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს: 

ჩემის ღრმა რწმენით, მასწავლებელი, რომელიც, მინიმუმ, კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ის ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს და არც იქნება. 

ადამიანურად მე მესმის, არავის უხარია, ვიღაც რომ ჩაიჭრება გამოცდაზე, მაგრამ თუ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მასწავლებელმა ვერ გადალახა, მოხდება მისი ჩანაცვლება. სკოლებს აქვს უკვე ვალდებულება, რომ იანვარში გამოცხადდეს კონკურსი“, – განაცხადა ჩხენკელმა.  

როგორც მინისტრმა აღნიშნა, „მასწავლებლობის მსურველთა ახალი სისხლი“, რომელთაც აინტერესებთ ამ პროფესიაში შესვლა, ძალიან დიდია.  მისივე თქმით, ადამიანებმა, რომლებაც უნივერსიტეტებში გაიარეს 60-კრედიტიანი პროგრამა პედაგოგებისთვის, დააფიქსირეს სურვილი, რომ შემოვიდნენ სასკოლო გარემოში.

„ეს ჩვენ ძალიან გვიხარია, ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად, მათ შორის ხელფასების ზრდის მიმართულებით. ხელფასები არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი, იმისთვის, რომ მასწავლებლის პრესტიჟი ქვეყანაში გაიზარდოს.  შედეგად, გვაქვს მკვეთრი ზრდა პროფესიაში შემოსვლის მსურველების…

შესაბამისად, კონკურსების საფუძველზე, და კონკურსი იქნება საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარებული, ჩვენ გვეყოლებიან ახალი მასწავლებელები იმ ადგილებზე, რომელიც გათავისუფლდება, იქიდან გამომდინარე, რაც გითხარით, და შესაბამისად, ესეც არის ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი, სკოლებში ხარისხის გაზრდის მიმართულებით“, – განაცხადა ჩხენკელმა. 


2021 წლის ზაფხულში პრაქტიკოსებს როგორც საგნობრივი, ისე პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ჰქონდათ. მათმა ნაწილმა საგნის, ნაწილმა კი  პროფესიული უნარების გამოცდაზე კომპეტენცია დაადასტურა. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ უფროსი პედაგოგის სტატუსის მისაღებად საკმარისი კრედიტქულები დაეგროვებინათ. შესაბამისად, დღეს სისტემაში კვლავ რჩება 7 ათასზე მეტი პრაქტიკოსი პედაგოგი.

მოქმედი რეგულაციით, პრაქტიკოსმა პედაგოგებმა, რომლებმაც ვერ ჩააბარეს გამოცდები, შესაბამისად ვერ შეძლეს სტატუსის ამაღლება, სკოლაში საქმიანობის გაგრძელების უფლება მხოლოდ მიმდინარე სემესტრის ბოლომდე მიეცათ.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის ზაფხულში ჩატარებული საგნობრივი კომპეტენციის გამოცდაზე მონაწილეობა მიიღო 5 340-მა პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელმა, რომელთაგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა – 2 889 პედაგოგმა.

პროფესიული უნარის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გავიდა 4137 პრაქტიკოსი მასწავლებელი. ამათგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 2 365-მა პედაგოგმა.