პრაქტიკოსმა პედაგოგებმა პარლამენტთან აქცია გამართეს

პუბლიკა

დღეს, პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. აქციაზე დაახლოებით 15 პედაგოგი იყო შეკრებილი. მათი უმეტესობა მიმდინარე ზაფხულში საგნის გამოცდაზე გავიდა, მაგრამ საკმარისი ქულა ვერ შეაგროვა რომ საგნის კომპეტენცია დაედასტურებინათ.

მოქმედი რეგულაციით, იმ მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით იყვნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები, მიმდინარე წლის ზაფხულში გამოცდაზე გავიდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს 19 კრედიტქულის მოპოვება, საქმიანობის გაგრძელების საშუალება ეძლევათ მხოლოდ მიმდინარე სემესტრის ბოლომდე.

აქციაზე შეკრებილი პედაგოგები ამბობენ, რომ ისინი წლებია სკოლაში არიან დასაქმებული, მათ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება აქვთ, გამოცდაზე მიღებული არასაკმარისი ქულების რაოდენობის გამო კი უსამართლობაა საქმიანობის გაგრძელების უფლება არ მიეცეთ და სკოლა დატოვონ.

პედაგოგი ნინო ხუბუა ზუგდიდში, ინჯირის მეორე საჯარო სკოლაში დაწყებითების მასწავლებელია. გვითხრა რომ 30 წელია ამ სკოლაში ასწავლის. მისი თქმით ზაფხულში საგნის გამოცდაზე 17 ქულა მიიღო, რაც კომპეტენციის დადასტურებისთვის საკმარისი არაა. გვითხრა რომ ჩაბარებული აქვს უნარების გამოცდა, ასევე მიღებული აქვს ტრენინგების მეშვეობით მაქსიმალური კრედიტების რაოდენობა, თუმცა რადგან საგნის გამოცდაზე საკმარისი ქულები ვერ მიიღო, ისიც იმ პედაგოგთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც სკოლაში საქმიანობის გაგრძელების საშუალება მიმდინარე სემესტრის ბოლომდე ეძლევათ.

„25 კრედიტქულა მაქვს ტრენინგებიდან, 2 გაკვეთილი სამინისტროს მიერ დამტკიცებული, უნარების გამოცდა ჩაბარებული მაქვს, გავლილი მაქვს ახალი სკოლის მოდული, სამი წელია ვაბარებ საგანის გამოცდას, კომპლექსურია – მათემატიკა, ბუნება და ქართული. სამი წელია ერთიდაიგივე ქულა მიფიქსირდება, 17 ქულა , მაკლდება 3 ქულა. განათლების სამინისტროს მივმართავ, როგორც გამოცდილი პედაგოგი, ვთხოვ ან ტრენინგით  რაღაც გამოინახოს ჩემნაირი პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება ამ დარგში. პედაგოგის საბოლოო პროდუქტი არის მოსწავლე და რას მივიტანთ მოსწავლემდე, აღვზარდოთ  ღირსეული მოსწავლეები. გამოინახოს რამე, რომ ეს სამი კრედიტი მე დავფარო, ისევ ჩემი სწავლით ან ტრენინგით ან გადამზადებით, ან რაღაც გზა გამომინახონ.“

დაწყებითების პედაგოგი ჭიათურიდან, სოფელი ღვითორიდან, ლალი იობაშვილი გვეუბნება, რომ პედაგოგად მუშაობის 38 წლიანი გამოცდილება აქვს. ამბობს, რომ წელს მეორედ გავიდა საგნის გამოცდაზე და ისევ არასაკმარისი ქულა მიიღო. ჩაბარებული აქვს უნარების გამოცდა, ასევე ამბობს, რომ ტრენინგების გავლის მეშვეობით მიღებული აქვს კრედიტქულების მაქსიმალური რაოდენობა.

„იანვრიდან მთავრობა მპირდება რომ უნდა წახვიდე სახლში, რატომ? რისთვის? 38 წელიწადია ამ სისტემაში ვმუშაობ, არ მიმიღია არცერთი საყვედური, თუკი დასასჯელი ვიყავი და არაფრისმაქნისი ვიყავი, მაშინ უნდა დავეჭირე აქამდე, თუ არადა დიპლომი მაქვს, დავამთავრე პედაგოგიური ინსტიტუტი, ვმუშაობ უკვე ამდენი წელია სკოლაში, მასწავლებლი რომ უნდა ვითარდებოდეს ძალიან კარგად ვიცი,  მაგრმა მაშინ სამინისტროს კეთილი ენება და გადავემზადებინეთ და მერე ჩაეტარებინა ჩვენთვის ეს გამოცდები…

არ ვთვლიდი არც აქამდე და არც დღეს რომ ეს არის რამის მომცემი, არც ვთვლიდი სავალდებულოდ რომ გავსულიყავი გამოცდებზე, ორჯერ გავედი სულ, როცა დააკანონეს რომ აუცილებლად უნდა გავსულიყავი, გავედი მაშინ იმიტომ რომ არც ჩემი სულიერი და არც ფიზიკური მდგომარეობა არ მიწყობდა ხელს, მასწავლებლები დადიან ემზადებიან და მე არ მქონდა იმის საშუალბა რომ სადმე მოვმზადებულიყავი, კეთილი ენაბა მათავრობას, მოვემზადებინე და თუ ვერ ჩავაბარებდი მერე ეთქვა რომ სკოლიდან წადიო, ახლა ამის უფლება არ აქვთ, იკითხონ ჩემს რაიონში, ჩემს სკოლაში, მაშინ დირექტორს მისცენ გადაწყვეტის უფლება და გადაწყვიტოს მან ვინ წავიდეს და ვინ დარჩეს.“

რა შესაძლებლობები ჰქონდათ პრაქტიკოს პედაგოგებს 2015 წლიდან დღემდე წინსვლისთვის

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილების თანამხად, თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით ვერ აიმაღლებდა სტატუსს (ვერ დააგროვებდა 19 კრედიტქულას) გაუუქმდებოდა „პრაქტიკოსი მასწავლებლის“ სტატუსი და სკოლა ვალდებული იყო შეეწყვიტა მასთან ხელშეკრულება.

მასწავლებლის სახლში განმარტავენ, რომ 2015 წლიდან დღემდე, პრაქტიკოს მასწავლებლებს არაერთხელ ჰქონდათ წინსვლის საშუალება, კერძოდ:

მასწავლებლის სახლის განმარტებით, „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილების შესაბამისად, 2015 წლის იანვრის მდგომარეობით, სკოლაში დასაქმებულ პირებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ უფროსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად განსაზღვრულ პირობებს, მიენიჭათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი და განესაზღვრათ მაქსიმუმ ოთხწლიანი (3 წელი + 1 პილოტირების წელი) ვადა შემდგომი სტატუსის მოსაპოვებლად. სტატუსის მოსაპოვებლად, სხვა აქტივობებთან ერთად, პრაქტიკოს მასწავლებლებს ჰქონდათ ვალდებულება, ჩაებარებინათ საგნის გამოცდა (გადაელახათ 60%-იანი ზღვარი).

2017 წელს მთავრობის დადგენილებით შეიცვალა სტატუსის მინიჭების გზები. კერძოდ, მათ მიეცათ საშუალება, ნაწილობრივ დაედასტურებინათ საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენცია 1, 4, 7 ან 10 კრედიტქულაზე.

უფრო კონკრეტულად კი, ამ ცვლილების მიხედვით, მასწავლებელს კომპეტენცია დადასტურებულად ეთვლებოდა, თუ ტესტური დავალების მაქსიმალური ქულის 30%-ს მაინც გადალახავდა (მაგ. თუ გამოცდის მაქსიმალური ქულა იყო 80, პრაქტიკოს მასწავლებელს კომპეტენცია დადასტურებულად ჩაეთვლებოდა მინიმალური 24 ქულის მოპოვების შემთხვევაშიც კი და მოიპოვებდა 1 კრედიტქულას) და საჭირო 19 კრედიტქულას შეივსებდა სხვა აქტივობებით. მასწავლებლების მიერ განხორციელებული აქტივობები (საგნობრივი და პროფესიული უნარების კომპეტენციის დადასტურების გარდა) ფასდებოდა და მათ კრედიტქულები ენიჭებოდათ სკოლის შეფასების ჯგუფის მიერ.

პრაქტიკოს მასწავლებელთა მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, 2019 წელს მასწავლებლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების გამოცდა ჩატარდა 2-ჯერ – ზაფხულში და შემოდგომაზე (წინა წლებში ტარდებოდა ერთხელ). ასევე, 2-2-ჯერ მიეცათ მათ შესაძლებლობა, აეტვირთათ და გამოექვეყნებინათ სკოლის ბაზაზე განხორციელებული აქტივობები, ხოლო სკოლის შეფასების ჯგუფებს ჰქონდათ საშუალება მიენიჭებინათ კრედიტქულები და წარედგინათ წინადადება კონკრეტული მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ.

2020 წელს კვლავ განხორციელდა ცვლილება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, რომლის მიხედვითაც, იმ მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით იყვნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები და 2020 წლის 30 აპრილმდე დარეგისტრირდნენ გამოცდაზე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დასადასტურებლად, მიეცათ შესაძლებლობა, კვლავ ნაწილობრივ დაედასტურებინათ კომპეტენცია (1, 4, 7, 10 კრედიტზე), გამოცდაზე უკეთესი შედეგის მიღების (დაიშვა პრეცედენტი, შეენარჩუნებინათ წინა წლებში მიღებული უკეთესი შედეგები) და 5 კრედიტიანი ტრენინგის წარმატებით გავლის გზით შეევსოთ 19 კრედიტქულა და შეეცვალათ სტატუსი.

მასწავლებლის სახლის განმარტებით,  გამომდინარე იქიდან, რომ 2021 წლის ზაფხულში მასწავლებლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდები ჩატარდა პანდემიურ გარემოში, რამაც გაახანგძლივა გამოცდის პერიოდი და საბოლოო შედეგების გამოცხადება, მთავრობის დადგენილებაში (სქემაში) კვლავ შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, იმ მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით იყვნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები და დარეგისტრირებულნი იყვნენ გამოცდაზე და ზემოაღნიშნული გზით ვერ შეძლეს 19 კრედიტქულის მოპოვება, შეუწყდათ სტატუსი, თუმცა საშუალება მიეცათ, საქმიანობა გაეგრძელებინათ 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლომდე.

უწყების ცნობით, 2015 წელს, პირველადი გადანაწილებით, სისტემაში იყო 45354 პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომლებსაც წლების განმავლობაში არაერთხელ ჰქონდათ სტატუსის ცვლილების საშუალება. ამ ეტაპზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ქართულ სექტორზე დასაქმებულია 4000-მდე მასწავლებელი, რომლებიც 2020 წლის 30 იანვრის მდგომარეობით იყვნენ პრაქტიკოსი მასწავლებლები და 2020 წლის 30 აპრილმდე დარეგისტრირდნენ გამოცდაზე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დასადასტურებლად და 1 კრედიტზეც კი ვერ შეძლეს პროფესიული და/ან საგნობრივი კომპეტენცის დადასტურება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წელს გამოცდაზე გასული 5340 პრაქტიკოსი მასწავლებლიდან 2886-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა.