ბერლინში დააკავეს საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ბერლინში დააკავეს საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე.

„ის არის 2008 წლის ომის გმირი. მაშინ მე-4 ბრიგადის ჯგუფმა, რომელსაც ის მეთაურობდა, შეაჩერა რუსეთის ტანკების მოწინავე დამრტყმელი ძალა და ამ ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა რუსეთის 58-ე არმიის მეთაური გენერალი ხრულოვი.

უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გიგი აქტიურად ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს გაღებული მტრის შეტევის შეჩერებაში აღმოსავლეთის ფრონტზე. სწორედ ამის მერე საქმეც აღიძრა. რამდენადაც ვიცი, გენერალი კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა და ასევე, მას უკავია თანამდებობა უკრაინის ეროვნულ გვარდიაში.

სირცხვილია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს მსოფლიოს მასშტაბით. დარწმუნებული ვარ, გერმანიის პროკურატურა და სასამართლო სწრაფად გაერკვევიან დაკავების მოთხოვნის დაუსაბუთებლობაში და გიგი ძალიან სწრაფად გათავისუფლდება და მას ბოდიშსაც მოუხდიან. გერმანიის სასამართლო მურუსიძის კანტორა არავის ეგონოს. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება მორიგ ჯერზე იჭრის თავს”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წლის ნოემბერში გიგი კალანდაძე საქართველოში დააკავეს. მას ბრალი ჰქონდა წაყენებული სამ საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. საქალაქო სასამართლომ ის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში.

2015 წელს პროკურატურამ გიგი კალანდაძე წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე დავით ახალაიასთან, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროს მეგის ქარდავასა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროს რომან შამათავასთან ერთად. ის ამ დროისთვის უკვე საქართველოში არ იმყოფებოდა და უკრაინაში ცხოვრობდა.