ქმედუუნარობის გაუქმება საქართველოში – საკონსტიტუციო სარჩელი

პუბლიკა

ავტორი – ესმა გუმბერიძე, პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“ თავმჯდომარე

ეძღვნება ირაკლი ქემოკლიძეს, ერთერთ მოსარჩელეს, რომელიც  თებერვალში გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ ირაკლის ოჯახსა და შშმ პირთა და მათ უფლებადამცველთა თემს ამ უმძიმეს დანაკარგს.

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხებისადმი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და მტკიცე სამოქალაქო პოზიციისთვის ირაკლი ქემოკლიძე, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა.

ტექსტი მომზადებულია საქმის ადვოკატების – ვახუშტი მენაბდისა და გიორგი გოცირიძის, ასევე, ერთ-ერთი მოსარჩელის, ირაკლი ქემოკლიძის, მისი დედის – მხარდამჭერისა და სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე პირთა ასოციაციის ხელმძღვანელის, მაია ასაკაშვილის სიტყვიერი ინტერვიუების საფუძველზე. მასში გადმოცემული ინფორმაცია შესაძლოა, არ ასახავდეს განვითარებულ მოვლენათა რეალურ ქრონოლოგიას.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ინტელექტუალური და ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა მძიმე იყო. ისინი სახელმწიფოს მიერ ცხადდებოდნენ ქმედუუნაროებად, ე.ი იურიდიულად ისინი უთანაბრდებოდნენ 6 წლამდე ბავშვებს. არ ჰქონდათ უფლება, დაედოთ წვრილმანი გარიგებაც კი (მაგ. მაღაზიაში პროდუქტის ყიდვის). ვერ აძლევდნენ ხმას არჩევნებზე. თუკი ოჯახის წევრის მოთხოვნით მოათავსებდნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ეს „ნებაყოფლობით მკურნალობად“ მიიჩნეოდა, იმის მიუხედავად, რომ ქმედუუნაროდ გამოცხადებულ პირს თანხმობას არავინ სთხოვდა. შშმ პირებს ხშირად ემუქრებოდნენ ქმედუუნაროდ გამოცხადებით. ოჯახის წევრები ანიჭებდნენ ამ სტატუსს, მათ ქონებაზე რომ ჰქონოდათ შეუზღუდავი წვდომა, როგორც მეურვეებს.

ამ ყველაფრით აღშფოთებულნი იყვნენ ინტელექტუალური დარღვევების მქონე ირაკლი ქემოკლიძე და მისი დედა, მაია ასაკაშვილი. ირაკლი ხშირად ეკითხებოდა დედას, თუ რატომ არ შეეძლო მასაც დედასავით ხმის მიცემა არჩევნებზე. რატომ არ ჰქონდა ქორწინების უფლება მაშინ, როცა სურდა ოჯახის შექმნაც. მეორე მოსარჩელეს, ფსიქიკური დარღვევების მქონე დავითს, სასამართლომ უარი უთხრა პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, მისი სამართლებრივი ქმედუუნარობის გამო.

საია წლების განმავლობაში აკვირდებოდა საერთაშორისო პრაქტიკას ქმედუუნარობასთან დაკავშირებით. იცოდნენ, რომ ეს ადამიანის უფლებებს ლახავდა. ამ დროს გამოვიდა სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, მართალია, სხვა ქვეყანაში, მაგრამ მაინც გმობდა სამოქალაქო სიკვდილთან დაკავშირებულ პრაქტიკას და არაპროპორციულ ჩარევად აღიარებდა. საია ეძებდა ქმედუუნარობის ნორმების პოტენციურ გამსაჩივრებლებს. მათ შორის აღმოჩნდნენ დავითი და ირაკლი. დავითს ერთ-ერთი პირის წინააღმდეგ სარჩელი ჰქონდა შეტანილი სასამართლოში. ის დარწმუნებული იყო, რომ მოპასუხემ შეურაცხყოფა მიაყენა, ცილი დასწამა, თუმცა სასამართლომ, როგორც უკვე აღვნიშნე, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი უთხრა, მისი ქმედუუნარობის მოტივით. ამ საქმით მან მიმართა საიას, სადაც შესთავაზეს, პარალელურად ებრძოლა ქმედუნარიანობის მოპოვებისთვისაც.

ირაკლი ქემოკლიძის დედა, მაია ასაკაშვილი,  იცნობდა საიას იურისტებს. როგორც შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის დამფუძნებელი ხშირად ხვდებოდა მათ სხვადასხვა შეხვედრაზე. ამიტომ გადაწყდა – დავითსა და ირაკლის ერთად შეეტანათ სარჩელი. საია მიიჩნევდა, რომ ერთდროულად უნდა განხილულიყო როგორც ინტელექტუალური შეფერხების, ასევე ფსიქიკური პრობლემების საფუძველზე ქმედუუნაროდ ცნობილ პირთა უფლებების დარღვევის საკითხი. თავდაპირველად სასამართლომ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, რადგან ირაკლი ქემოკლიძის ნაცვლად მოსარჩელედ მაია ასაკაშვილი ფიქსირდებოდა. სასამართლომ მოსარჩელეებს ურჩია, სარჩელი თავად ქმედუუნაროდ გამოცხადებულ პირს, ირაკლის, შეეტანა. სხვა მოსარჩელეთა მოძიება პრობლემად იქცა. იმ დროს მშობლებსა და  შშმ პირებს ეშინოდათ სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ სასამართლოსადმი მიმართვის.

საკონსტიტუციო სარჩელი მოითხოვდა, გაუქმებულიყო სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ადგენდნენ პირისთვის უპირობო და ყოვლისმომცველი ქმედუუნარობის სტატუსის მინიჭებას.

მოსარჩელეთა მტკიცებით, ეს ნორმები ეწინააღმდეგებოდა საქართველოს იმდროინდელი კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომელიც ადგენდა პიროვნული განვითარების თავისუფლებას. სარჩელის წარმოებაში მიღების დროს საქართველოს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენცია ჯერ არ ჰქონდა რატიფიცირებული. თუმცა სარჩელში ვრცლად იყო აღწერილი საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკა. მიმოხილული სასამართლო პრეცედენტები და საერთაშორისოდ დამკვიდრებული სამართლებრივი ნორმები და პრინციპები, მათ შორის, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციაც.

მოპასუხე ამტკიცებდა, რომ ქმედუუნარობის ნორმები ისევ ქმედუუნაროდ გამოცხადებულ შშმ პირთა დასაცავადაა შექმნილი. პროცესი არ ყოფილა ფართოდ გასაჯაროებული და მედიის მიერ დიდად არ შუქდებოდა. ვიწრო პროფესიული წრეების მიღმა მის შესახებ ცოტამ თუ იცოდა.  სასამართლო განხილვა 4 წელს გრძელდებოდა. მის დასრულებამდე საქართველომ მოახდინა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირებაც. კონვენციის მე-12 მუხლი კი პირდაპირ ამბობს, რომ შშმ პირებს აქვთ უფლება, სამართლებრივად ქმედუნარიანნი იყვნენ.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ქმედუუნარობის დამდგენი ნორმები და პარლამენტს დაავალა, 2015 წლის გაზაფხულამდე შეევსო ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული საკანონმდებლო ვაკუუმი, ფსიქიკური და ინტელექტუალური დარღვევების მქონე პირთა დაცვისა და ერთდროულად მათი თავისუფლების ნაკლებად შემზღუდველი კანონმდებლობის მისაღებად.

თუკი პარლამენტი დადგენილ ვადაში არ შექმნიდა ახალ ნორმატიულ ბაზას, ქმედუუნარობის განმსაზღვრელი ძველი ნორმები ავტომატურად ძალადაკარგულად გამოცხადდებოდა და მათ ნაცვლად საერთოდ არაფერი არ დარჩებოდა. ამ დროს პარლამენტის რამდენიმე წევრმა, მათ შორის, საიას ყოფილმა იურისტმა ადამიანის უფლებების დაცვის გამოცდილებით ითავეს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ასე გაჩნდა მხარდაჭერის მიმღებ პირთა ცნება, მხარდამჭერთა დაწესების სასამართლო პროცედურები. მხარდამჭერს მეურვისგან განსხვავებით მხარდასაჭერი პირის ნაცვლად კი არ უნდა მიეღო გადაწყვეტილებები, არამედ მხარდაჭერის მიმღებისთვის ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა ამა თუ იმ გადაწყვეტილების შესაძლო შედეგებზე, უნდა დახმარებოდა გადაწყვეტილების მიღებაში.

რაც შეეხება თავად მოსარჩელე შშმ პირთა ჩართულობას პროცესში – პირველ რიგში დავითი და ირაკლი იყვნენ საქართველოში პირველი შშმ პირები, რომლებმაც საქმე მოუგეს საქართველოს პარლამენტს. ირაკლი ქემოკლიძე, მაია ასაკაშვილის განცხადებით, პროცესისადმი დიდ ინტერესს იჩენდა. დედაც აწვდიდა ინფორმაციას მისი მიმდინარეობის შესახებ. ზოგადადაც, ირაკლი ქემოკლიძე აცნობიერებდა სამოქალაქო აქტივიზმის, სასამართლოსადმი მიმართვის, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მნიშვნელობას. ასევე იყო დავითის შემთხვევაშიც – ის დამოუკიდებლად ურთიერთობდა იურისტებთან. მის მეურვეს ფორმალური როლი ჰქონდა მხოლოდ (დავითის ნაცვლად ხელმოწერა უნდა დაეფიქსირებინა).