ომიკრონის წინააღმდეგ სამი აცრა, დაახლოებით, 75%-ითაა ეფექტური - იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელების პიკამდე 2-3 კვირაა დარჩენილი. ამის შესახებ იმნაძემ „ღამის კურიერში“ ისაუბრა.

მისი თქმით, ომიკრონის შტამი მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება, ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც, პრაქტიკულად, გამქრალი იყო ვირუსი აცრილი მოსახლეობის მაღალი პროცენტის ხარჯზე. იმნაძეს მაგალითად ნორვეგია მოჰყავს.

„იქაც კი 2 კვირაში, 2-მა კაცმა შეიტანა და, პრაქტიკულად… ჩვენ მეცნიერულად დადასტურებული ცნობები გვაქვს იმ ქვეყნებზე, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა აცრილია. ამიტომ, როცა ამბობენ, რომ იგივე ომიკრონი სწრაფად ვრცელდება და დიდი დატვირთვა იქნება სამედიცინო სექტორზე, მაგრამ იქვე ამბობენ, რომ სიმძიმის მიხედვით არ გამოირჩევა, ეს არის იმ ქვეყნების მაგალითი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი აცრილია.

ჩვენს პირობებში, როცა მოზრდილი მოსახლეობის 40%-იც არაა აცრილი, რას გამოიწვევს ომიკრონი, წინასწარ ძნელი სათქმელია, ამაზე სხვა ქვეყნების გამოცდილება არ გვაქვს“, – ამბობს იმნაძე.

პაატა იმნაძის თქმით, არც აცრა და არც კოვიდგადატანილობა ომიკრონის შტამისგან არ იცავს, თუმცა დადებითი ის არის, რომ მათთვის ავადობა მსუბუქად მიდის.

მისი ინფორმაციით, სამი აცრა ომიკრონის შტამის წინააღმდეგ, დაახლოებით, 75%-ითაა ეფექტური.

„რაც მთავარია აქ არის ის, რომ ეს აცრა მძიმე მიმდინარეობისაგან ნამდვილად კარგად იცავს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ განსაკუთრებით უფროსი თაობის ადამიანებს, რომ აუცილებლად აიცრან. ვისაც 2 აცრა გაკეთებული აქვთ, იმათმა კი ბუსტერი გაიკეთონ“, – ამბობს იმნაძე.

რაც შეეხება ომიკრონის გავრცელების გამო მოსალოდნელ შეზღუდვებს, იმნაძე ამბობს, რომ „დამატებითი შეზღუდვები არავის არ უნდა“, მაგრამ აცრის და პირბადის ტარების გარეშე სხვა გზა არ დარჩება.

NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილე განმარტავს, რომ ომიკრონის შტამი მარტივად აღწევს ადამიანის უჯრედში და მით უფრო ცოტა ვირუსია საჭირო იმისთვის, რომ დაავადება გამოიწვიოს, ადვილად გადაიცემა და სწრაფად ვრცელდება.

„ღამის კურიერში“ ომიკრონის შტამთან დაკავშირებით ისაუბრა იაშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემაც. მან აღწერა სიმპტომები, რომელსაც ომიკრონი წვევს.

„მიმდინარეობა არის მსუბუქი, წააგავს გაციებას – ეს არის ყელის ტკივილი, ხველა, დაბალი ტემპერატურა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი მსუბუქად გამოხატული. შესაძლებელია იყოს ოფლიანობაც და ხანგრძლივობა აქვს ძალიან მოკლე – 3-4 დღის განმავლობაში, ეს სიმპტომები მთავრდება.

მას ძალიან მოკლე ინკუბაციური პერიოდი აქვს, ეს არის ადამიანის კონტაქტიდან, დაავადების ნიშნების გამოვლენამდე, თუ პირველი ვარიანტის დროს 14 დღემდე ვთვლიდით ინკუბაციურ პერიოდს, ამ შემთხვევაში, ეს პერიოდი 3-5 დღეა. კონტაქტის შემდეგ, ძალიან სწრაფად ხდება ადამიანი ავად. ჯერჯერობით ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ მისი მიმდინარეობა დელტა ვარიანტისგან განსხვავებით, მსუბუქია. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ძალიან ცოტა პერიოდია გასული და რაც მთავარია, სამხრეთ აფრიკას ახალგაზრდა მოსახლეობა ჰყავს, ამიტომ როგორ მოიქცევა ომიკრონი „დაბერებულ ქვეყნებთან“, საჭიროებს დაზუსტებას“, – ამბობს ჩხაიძე.