სააკაშვილისთვის დასმულია ახალი დიაგნოზი, რომელსაც ახლა არ გავახმაურებთ - ომბუდსმენის წარმომადგენელი

პუბლიკა

სახალხო დამცველის წარმომადგენელი საბა ბრაჭველი გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშილს შეხვდა. კლინიკის დატოვების შემდეგ მან მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშილისთვის 27 დეკემბერს არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გაახმაურებენ. მან ასევე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად არ გრძნობს.

„შევხვდი როგორც ნევროლოგს, ისე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და თავად პაციენტსაც. როგორც გავიგეთ, 27 დეკემბერს არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ. როგორც თავად ამბობს პაციენტი, მას ჰქონდა სამი ჰიპერტენზიული კრიზი. ამჟამად ის თავს კვლავ არ გრძნობს კარგად და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას, მათ შორის – ნევროლოგთან, თუმცა, მკურნალი ნევროლოგი ამბობს, რომ ამ დროისთვის დინამიკა არის დადებითი.

დღეს, სამწუხაროდ, არ მოგვეცა სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შესაძლებლობა იმ მიზეზით, რომ 6 საათის შემდგომ შეუძლებელი იყო ფორმა #100-ის ნახვა. ამ მომენტისთვის, მიხეილ სააკაშვილის ახალი მკურნალი ექიმი არ არის დანიშნული. როგორც განგვიმარტეს, ამ დროისთვის, სხვადასხვა პროფილის ექიმები ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას მკურნალობის სტრატეგიის დაგეგმვასთან დაკავშირებით, “- განაცხადა ომბუდსმენის წარმომადგენელმა.


გუშინ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა საბა ბრაჭულმა განცხადა, რომ გორის ჰოსპიტალში შესვლის და მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა არ მიეცა.