სახალხო დამცველის წარმომადგენელი სააკაშვილთან არ შეუშვეს

პუბლიკა

სახალხო დამცველის რწმუნებული საბა ბრაჭულის განცადებით, დღეს გორის ჰოსპიტალში შესვლის და მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა არ მიეცა.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონში ჩანაწერის მიხედვით, გვაქვს უფლება, რომ შევიდეთ და შევხვდეთ თავისუფლებააღკვეთილ პირს დახურულ დაწესებულებაში; ამჟამად სააკაშვილი მოთავსებულია ჰოსპიტალში, თუმცა მასზე ვრცელდება ყველა ის წესი, რომელიც ვრცელდება სხვა პატიმრებზე. ამას აუცილებლად უნდა მოყვეს სამართლებრივი რეაგირება.

გუშინ, თავად პატიმრის განცხადებით, იყო არასათანადო მოპყრობის ერთ-ერთ ფაქტი, გვინდოდა ამაზე დამატებითი მტკიცებულების მოპოვება. ჩვენი არშეშვება აჩენს კითხვის ნიშნებს, ხომ არ დამძიმებულა მდგომარეობა ან ხომ არ აქვს რამე ისეთ შეზღუდვას ადგილი, რომლის შესახებაც საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია.

გვითხრეს, რომ ამჟამად პაციენტს რეანიმატოლოგი მეთვალყურეობს, რეანიმატოლოგთან შეხვედრაზეც თანახმა ვიყავით, მაგრამ ამაზეც უარი გვითხრეს, არც დოკუმენტაციას გაგვაცნეს და არც პატიმარს შეგვახვედრეს“, – აღნიშნა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გუშინ, 27 დეკემბერს დაახლოებით 6-ის ნახევარზე შავ ფორმაში ჩაცმულები შევიდნენ მასთან და შეატყობინეს, რომ გადაყავდათ, მაგრამ არ უთხრეს, სად. სააკაშვილი ამბობს, რომ მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც გაითიშა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გორის ჰოსპიტალმა მიხეილ სააკაშვილის გაწერის გადაწყვეტილება მიიღო, სააკაშვილი არ დაემორჩილა ამ მოთხოვნას, აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც პენიტენციურმა სამსახურმა გადაყვანა დროებით გადაავადა.