ყაზახეთში საპროტესტო აქციებს ათობით სამოქალაქო პირი ემსხვერპლა -BBC

პუბლიკა

ყაზახეთში სამთავრობო შენობებზე თავდასხმისას სამართალდამცველების მიერ გახსნილ ცეცხლს საპროტესტო აქციაში მონაწილე ათობით სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. დაღულია ათეულობით პოლიციელი. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები ავრცელებენ.

ყაზახეთში ეროვნული ბანკის გარდა ყველა ფინანსური ინსტიტუტის მუშაობა შეჩერებულია. ამის შესახებ BBC ადგილობრივ ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, შეზღუდულია წვდომა ინტერნეტზე.

ქალაქ ალმათში ღამით „ანტიტერორისტული ოპერაცია“ ჩატარდა. ქუჩებში გამოიყვანეს სამხედრო და ჯავშანტექნიკა, ისმოდა სროლის ხმა.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, დღეს, 6 დეკემბრის დილით რუსეთმა სამხედრო ძალები გაგზავნა ყაზახეთში. როგორც სააგენტო tas.ru იუწყება, მათ უკვე დაიწყეს დავალებების შესრულება.

როგორც სააგენტო წერს, „კოლექტიური სამშვიდობო ძალების“ ძირითადი ამოცანები იქნება მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დაცვა, ყაზახეთის რესპუბლიკის კანონიერი ძალების დახმარება სიტუაციის სტაბილიზაციაში.

გუშინ, 5 დეკემბერს, საღამოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“  (ОДКБ) ამჟამინდელი თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ორგანიზაცია ყაზახეთში სამშვიდობოებს გაგზავნის.

ფაშინიანის თქმით, გადაწყვეტილება ეფუძნება ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის თხოვნას. სომხეთის პრეზიდენტის განცხადებით, სამშვიდობოები ყაზახეთში წესრიგის აღდგენას შეუწყობენ ხელს.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება“ არის სამხედრო ალიანსი, რომელშიც გაერთიანებულნი არიან რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. 

ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ გამოაცხადა, რასაც მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციები და შედეგად, ყაზახეთის მთავრობის გადადგომა მოჰყვა.