„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს კობა ნაყოფია უხელმძღვანელებს, ხოლო მისი მოადგილე აკაკი მინაშვილი იქნება. პოლიტსაბჭოს აქამდე პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ხელმძღვანელობდა.

ნიკა მელიას თქმით, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი იქნება, ხოლო თავად უხელმძღვანელებს „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ოფისს. თბილისში პარტიას აქამდე ზაალ უდუმაშვილი ხელმძღვანელობდა.

პარტიაში სტრუქტურულ გადაადგილებებზე გადაწყვეტილება დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

„ამით არ შემოვიფარგლებით და გაგრძელდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში აქტიური პროცესი განახლებისა. აქტიური პროცესი რეფორმირებისა და მიზანი და შედეგი ალბათ უნდა მკითხოთ რა არის დღეს წამოწყებული პროცესისა – მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს, რისთვის ვიბრძვით.

ხშირ შემთხვევაში ამ წუთის მდგომარეობით ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ. ამაში დავრწმუნდი მე, როცა ვიყავი ზუგდიდში. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, ჩვენ არ გვინდა უბრალოდ შესაკრებთა გადანაცვლებით რაღაც ფონს გავიდეთ. ჩვენ გვინდა, რომ ჯამი შეიცვალოს.

მინდა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიხილო ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც დღემდე თავს იკავებდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან ასოცირებისგან, ან პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის სურვილი არ ჰქონდათ“, – განაცხადა ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.