კომპანია „მაგთიკომის” ტექნიკოსები გაიფიცნენ, – ამის შესახებ „პუბლიკას” გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ ლავრენტი ალანიამ განუცხადა.
მისი ცნობით, მათი მოთხოვნებია – ხელფასების მომატება, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, ჯანმრთელობის დაზღვევა.
„მათი საშუალო ხელფასი, დაახლოებით 900 ლარამდეა. გაფიცულები არიან თბილისის სათავო ოფისთან. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, ქუთაისსა და ბათუმშიც”, – ამბობს ალანია.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მაქსიმალურად ცდილობენ სიტუაციის განმუხტვას გონივრულობის ფარგლებში.
„მაგთიკომის თანამშრომლების გარკვეული ჯგუფი ითხოვს სამუშაო პირობების გადახედვას…
მნიშვნელოვანია, რომ როდესაც კოვიდპანდემია დაიწყო, მაგთიკომში ხელფასები მინიმუმ 10%-ით გაიზარდა და ეს შეეხო უკლებლივ ყველა თანამშრომელს. რეგიონის ინჟინერ-ტექნიკოსებს კი, ხელფასები გაეზარდათ 23%-ით.
„მაგთიკომში” გარკვეულ ჯგუფებზე მოქმედებს საბონუსე სისტემა. ბონუსები მიიღეს იმ თანამშრომლებმაც, რომლებიც დღეს სამუშაო პირობების გადახედვას ითხოვენ.
კოვიდპანდემიის პერიოდში კონკრეტულად ინჟინერ-ტექნიკოსების ჯგუფებზე მაგთიკომის მიერ გაცემულმა ბონუსმა თითქმის 3 მილიონი ლარი შეადგინა.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მაგთიკომის ოპერირების ისტორიაში არ ყოფილა არც ერთი პრეცედენტი იმისა, რომ თანამშრომელს ხელფასი დანიშნულ დღეს არ მიეღოს.
„მაგთიკომი” გადადგამს შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს სიტუაციის სამართლებრივ ჩარჩოებში დასაბრუნებლად”, – აცხადებენ კომპანიაში.