„დევნილებისთვის!“ - ჯანდაცვის სამინისტროსთან სოლიდარობის მდუმარე აქცია გაიმართა

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროსთან სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ერთად შეიკრიბნენ როგორც ქვეყნის რიგითი მოქალაქეები და ატრიბუტიკისა და პოლიტიკური გამოსვლების გარეშე დევნილთა მდგომარეობა გააპროტესტეს.

„თუკი ჩვენი საზოგადოება არ ისწავლის სოლიდარობას, თუკი პოლიტიკური პარტიები მათ შორის არ ვისწავლით ერთად დადგომას მაშინ, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს და სოციალურ კეთილდღეობას ეხება საქმე, ბევრი არაფერი გამოგვივა. მიხარია, რომ აქ რამდენიმე პოლიტიკური პარტია ერთად ვდგავართ და ვამბობთ, რომ გულქვა სოციალური პოლიტიკა კლავს ხალხს. გავაგრძელებთ პროტესტს, მანამ სანამ ეს ადამიანები არ დაკმაყოფილდებიან საცხოვრისით. მოვითხოვთ, ადეკვატურ პირობებში გადაიყვანონ ეს ხალხი და სოციალური პოლიტიკა აწარმოონ ადეკვატურად“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ.

16 იანვარს, ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, სანატორიუმში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი პროტესტის ნიშნად საცხოვრებელი ბინიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.

სანატორიუმის ბინადარი დევნილები რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ და ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ, ვინაიდან, მატ თქმით,  შენობა ავარიული და იქ ცხოვრება სახიფათოა.

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გამოძიების პირველადი ვერსიით, კაცის გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო და დაკავშირებული არაა დევნილების პრობლემასთან.

„ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა, მოუცლელო ბატონო მინისტრო, გულგრილმა პოლიტიკამ გაწირა ადამიანი“, – უპასუხეს მინისტრს სანატორიუმის მცხოვრებლებმა, რომელთა განცხადებით, პროტესტს გარდაცვლილის დაკრძალვის შემდეგ გაარძელებენ.