ადვოკატები სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას და საექსპერტო კვლევის ჩატარებას მოითხოვენ

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები გენერალური პროკურატურისგან სააკაშვილის დაზარალებულად ცნობას მოითხოვენ. იურისტებმა განცხადება პროკურატურაში ცოტა ხნის წინ შეიტანეს.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორისა და სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქმე ეხება რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში გადაყვანისას სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ეპიზოდებს.

„პირველ რიგში, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სრული წვდომა გვქონდეს ყველა მასალაზე, რომელიც არსებობს დღეს იმ უწყებაში, რომელიც გამოძიებას აწარმოებს ამ საკითხზე, ეს არის სახელმწიფო ინსპექტორი. ჩვენთან სახელმწიფო ინსპექტორთან გვაქვს გაცვლა-გამოცვლა მასალების, თუმცა არსებობს მასალები, რომელზეც ხელი არ მიგვიწვდება. პირველ რიგში, ეს არის არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობის, წამების ამსახველი მთელი ვიდეომასალა, სრული მარშრუტი“, – განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ მოუწოდა სახელმწიფო ინსპექტორს, გამოაქვეყნოს სააკაშვილის ეტაპირების ამსახველი სრული ვიდეომასალა, რადგან მისი თქმით, არ აქვს ილუზია, რომ პროკურატურა სააკაშვილს დაზარალებულად ცნობს.

ნიკა გვარამიამ სახელმწიფო ინსპექტორსა და სახალხო დამცველს მოუწოდა, საჯაროდ დააფიქსირონ პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით.

„ასევე ვითხოვთ საექსპერტო კვლევას და ვითხოვთ ერთადერთი ფორმატით. ამ კვლევას ვერ ჩაატარებს მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულება. იმთავითვე ვთქვით, რომ ეს უნდა იყოს პარიტეტულ საფუძველზე შედგენილი კომისია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, არამედ კომისიური სახით ჩატარებული სრული სამედიცინო ექსპერტიზა. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი მხრიდან დავნიშნოდ ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტები“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას ინფორმაციით, სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი კვალვ მძიმეა.