ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ დაკვეთილი ცილისმწამებლური კამპანიები განსხვავებულ აზრზე ზეწოლაა - მოსამართლე

პუბლიკა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი აცხადებს, რომ მისი და მისი ოჯახის მიმართ ცილისმწამებლურ, შავი კამპანია მიმდინარეობს.

მოსამართლე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც პოლიტიკასთან კავშირს უარყოფს და წერს, რომ მისთვის იმის დაბრალება, თითქოს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთანაა კავშირში, საფუძველს მოკლებული და ამორალურია.

მოსამართლის შეფასებით, მის მიმართ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანია მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფის საჯარო პოზიციას უკავშირდება. ის პროცესს განსხვავებულ აზრზე ზეწოლად აფასებს.

„ვინც მიცნობს მე და იცნობს ჩემს ოჯახს, რთულად დაიჯერებს იმ წარმოუდგენელ შავ კამპანიას, რაც ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ მიმდინარეობს. დღესაც არაფერს ვიტყოდი, რომ არა უკვე რისკი იმისა, რომ აღნიშნულმა კამპანიამ ჩემი კოლეგები შეიძლება დააზიანოს.

ჩემი მეუღლე ნამდვილად მუშაობდა 2012 წლამდე საჯარო სამსახურში. მან 10 წლის წინ, დატოვა საჯარო სამსახური და მას შემდეგ არანაირი შეხება საჯარო სამსახურთან და პოლიტიკასთან არ ჰქონია, არანაირი! ჩემი ოჯახი მეგობრებს პოლიტიკური ნიშნით არ ირჩევს და არც პოლიტიკური ნიშნით წყვეტს მათთან ურთიერთობას! არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ მაქვს მე, არანაირი, და არც არასდროს მქონია!

ცილისმწამებლური კამპანიის დამკვეთებმა იციან ეს! ასევე ისიც იციან, რომ გარიგებებს არასოდეს დავთანხმდები, თან არანაირს, არანაირ ფასად! შესაბამისად, ჩემთვის დაბრალება იმისა, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ვარ გარიგებაში, გარდა იმისა, რომ საფუძველს მოკლებულია, ამორალურია!

მართლმსაჯულებაში ნებისმიერი აქტორის მიერ პოლიტიკის შემოტანა, სამართლებრივი სახელმწიფოს ყველა ფუძემდებლურ პრინციპს ეწინააღმდეგება, ჩემთვის პიროვნულად კი, აღნიშნული დაშვება მიუღებელი და წარმოუდგენელია!

მთელი ეს აურზაური ჩემი და ჩემი კოლეგების საჯარო პოზიციას უკავშირდება. პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმსაჯულების ადმინისტრირებაში უფრო დემოკრატიული პროცესები უნდა წარიმართოს, საერთაშორისო პარტნიორები დაუსაბუთებლად არ უნდა გავაკრიტიკოთ და კანონში მოსამართლეთა თავისუფლების წინააღმდეგ ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს. ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ გაკეთებული განცხადებები და დაკვეთილი ცილისმწამებლური კამპანიები, სხვა არაფერია, თუ არა ზეწოლა განსხვავებულ აზრზე.

ამჯერად, დეტალებზე არ დავკონკრეტდები, თუმცა, უკიდურესად ამორალურია ჩემი უზენაესი სასამართლოს კანდიდატობაზე აპელირება. თუ რომელიმე პოლიტიკოსი, ან ექსპერტი შეცდომაშია შეყვანილი, გულწრფელად ვწუხვარ!“, – წერს ქეთევან მესხიშვილი სოციალურ ქსელში.


მოსამართლე ქეთევან მესხიშვილის განცხადებას წინ უძღოდა საკრებულოში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ქადაგიძის პოსტი, რომელიც მან 17 იანვარს გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

ამ პოსტში ქადაგიძე წერს: „ნაცმოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა სასამართლო სისტემის პოლიტიკურ პროცესში ჩათრევა დაიწყეს, რაშიც იყენებენ კონკრეტულ მოსამართლეებს, მათ შორის აქტიურ და წამყვან როლს ასრულებს განაწყენებული მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი (რომელიც რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა არ აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ) და მისი მეუღლე – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი დავით მესხიშვილი. სწორედ მათი მეშვეობით ხდება ყოფილ სახელისუფლებო პარტიასთან ამ „პროტესტის“ კოორდინირება“.

ქეთევან მესხიშვილის შესახებ ზურაბ ქადაგიძემ გასული წლის ნოემბერშიც დაწერა. მაშინ ის ამტკიცებდა, რომ სააპელაციოს მოსამართლე „არასამთავრობო ორგანიზაციებს და ნაცმოძრაობას კულუარულად მიუთითებს, რომ სასამართლოში კარდინალური წმენდაა ჩასატარებელი და მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობა გასაყრელია“.


სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საჯარო პოზიცია დააფიქსირა და მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტი საელჩოების შესახებ დაწერილი განცხადების გამო გააკრიტიკა.

ქეთევან მესხიშვილი არის ასევე ხელმომწერი იმ განცხადებისა, რომლითაც მოსამართლეთა ჯგუფმა საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კანონპროექტით დასაშვები ხდება მოსამართლეთა დევნა კრიტიკული აზრის გამო და ამ ცვლილებებით, ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას არსებითი საფრთხე ექმნება.

ქეთევან მესხიშვილი გასული წლის ზაფხულში უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა პარლამენტმა მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. ეს პროცესი ოპოზიციის და სახალხო დამცველის ბოიკოტის ფონზე წარიმართა. გასაუბრების პროცესს მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდა რამდენიმე ორგანიზაცია. პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი მიიჩნევდ, რომ ქეთი მესხიშვილი ღირსეული კანდიდატი იყო, თუმცა მან უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღო.