უზენაესის მოსამართლეობის 6 კანდიდატს პლენარულ სხდომაზეც დაუჭირეს მხარი

პუბლიკა

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი იმ 6 მოსამართლეს დაუჭირეს, რომელთაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გაუწია რეკომენდაცია.

ესენი არიან გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, რევაზ ნადარია, ბიძინა სტურუა და ლაშა ქოჩიაშვილი.

ამ მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და არასამთავრობო სექტორი ე.წ. სასამართლოს კლანის წევრებად მიიჩნევენ.

კანიდატებიდან სამს – ეკა ზარნაძეს, ქეთევან მესხიშვილსა და გიორგი შავლიაშვილს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.

კენჭისყრის დაწყებამდე „მოქალაქეების“ წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ეკა ზარნაძე და ქეთევან მესხიშვილი ღირსეული კანდიდატები არიან, რომელთაც მისი მხარდაჭერა ექნებოდა. საბოლოოდ, კენჭისყრაზე აღნიშნულმა მოსამართლეებმა მხარდაჭერა ვერ მიიღეს.

პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ და სახალხო დამცველმა. არასამთავრობო სექტორის ნაწილი გასაუბრებებს ესწრებოდა, თუმცა, როგორც წინა დღეებში აღნიშნეს, ისინი დამკვირვებლის როლში იყვნენ.