პაპილომავირუსზე უფასოდ აცრა უკვე 13-18 წლის გოგოებსაც შეეძლებათ

პუბლიკა

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე 13 – 18 წლის გოგოების ასაკობრივ ჯგუფებშიც იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსი, ლიკა ჯაბიძე ავრცელებს.

აქამდე პაპილომავირუსის უფასოდ აცრა 10-13 წლის გოგოებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

ლიკა ჯაბიძე წერს, რომ აცრა შემდეგი სქემით მოხდება:

– 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;

–  15 – 18 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე.

– პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე.

NCDC-ის ცნობით, ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა უფასოა და ის ხელმისაწვდომია ჯანდაცვის პირველადი რგოლის ცენტრებში (პოლიკლინიკებში).

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პაპილომა ვირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქციანაცია უნდა ჩატარდეს საშვილოსნოს ყელის კიბოს პირველადი პრევენციის მიზნით.