წულუკიანი: ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ ლიტერატურის მუზეუმს უკვე ჩვევად ექცა, დარიანს მიაწეროს პაოლო იაშვილის ლექსები

პუბლიკა

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში ლიტერატურის მუზეუმთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, სამინისტრო ლაშა ბაქრაძესთან წიგნში დაშვებული შეცდომების შესახებ სერიოზულ საუბარს გეგმავს. წულუკიანის თქმით, ჯერ არაა ცნობილი რა შედეგი მოჰყვება ამ განხილვას.

„განხილვას მოსდევს ან არ მოსდევს პასუხისმგებლობა. ეს ჯერ არავინ არ იცის. განხილვა ჯერ არ დაწყებულა და ამიტომ, ეს ყვირილიც არის ნაადრევი. ყველამ უნდა დაზოგოს საკუთარი ენერგია, იმიტომ, რომ განხილვა ჯერ არ დაწყებულა.” – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ლიტერატურულმა მუზეუმმა განსხვავებული აზრის მქონე დარგის პროფესიონალების დისკუსია-დიალოგი უნდა აწარმოოს, რადგან ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ ლიტერატურის მუზეუმს უკვე ჩვევად ექცა, ელენე დარიანს მიაწეროს მაგალითად, პაოლო იაშვილის ლექსები.

“იმიტომ, რომ დაუშვებელია, თქვა, რომ ანა კალანდაძის ლექსი ეკუთვნის სხვას და დაუშვებელია აღშფოთდე, როცა შეცდომაზე მიგითითებენ. ალბათ, ასევე მნიშვნელოვანია, ლიტერატურის მუზეუმმა აწარმოოს ყველა მოსაზრების, ანუ განსხვავებული აზრის მქონე დარგის პროფესიონალების დისკუსია-დიალოგი.

იმიტომ, რომ ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ ლიტერატურის მუზეუმს უკვე ჩვევად ექცა, ელენე დარიანს მიაწეროს მაგალითად, პაოლო იაშვილის ლექსები ან ახლა უკვე, ანა კალანდაძის, გრიგოლ რობაქიძის, ანა ახმატოვას და სხვების ლექსები.

ვფიქრობ, ეს დაუშვებელია, ეს უნდა გასწორდეს და განხილვა შედგეს, რომ მომავალში ამგვარი შეცდომები არ დაუშვას სახელმწიფო ორგანიზაციამ, რომელსაც პირიქით, მწერლებზე, მათ საავტორო უფლებებზე ზრუნვა და მათი ხსოვნის პატივისცემა ევალება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საბიუჯეტო თანხები დაიხარჯა ისეთ წიგნზე, რომელშიც ლექსები ანა კალანდაძეს განზრახ თუ უნებლიედ მოჰპარეს და ელენე დარიანს მიაკუთვნეს.