კულტურის სამინისტრო ელენე დარიანის წიგნის გამო ბაქრაძესთან „სერიოზულ განხილვებს“ გეგმავს

პუბლიკა

კულტურის სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს, სადაც წერს, რომ სამინისტროს 2021 წლის 31 დეკემბრიდან არაერთმა სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ მათ ღია წერილითაც მიმართა.

სამინისტროს განცხადებით,  მოქალაქეთა აღშფოთების მიზეზი ლიტერატურული მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნია. სამინისტროს თქმით, მუზეუმმა დაუშვა სერიოზული შეცდომა და ელენე დარიანს მიაკუთვნა ანა კალანდაძის ორი ლექსი.

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი. ეს სამწუხარო ფაქტი, კულტურის სამინისტროს მიერ შესწავლის შედეგად, ახლა უკვე უდავოდ დადასტურებულია და, ბუნებრივია, რომ მის გამომჟღავნებას საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

ეს არც არის გასაკვირი, რადგან საქმე გვაქვს ქართული ლიტერატურის კლასიკოსთან, სიცოცხლეშივე პოეზიის დედოფლად აღიარებულ შემოქმედთან, ვისი ორი ლექსიც სხვა ავტორს მიაკუთვნეს.

ისიც არ არის შემთხვევითი, რომ აუცილებელ რეაგირებას ლიტერატურის მუზეუმის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი უწყებისგან, კულტურის სამინისტროსგან მოითხოვენ.

წიგნის შემდგენელია ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, რედაქტორი – დირექტორის მოადგილე თეა თვალავაძე.

რედაქტორი გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას, რასაც მისი ავად გახდომაც კი მოჰყვა. სამინისტრო პატივს მიაგებს თეა თვალავაძის მუზეუმში მრავალწლიან კეთილსინდისიერ საქმიანობას და მას მომავალშიც მხნეობას უსურვებს. რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას.

აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია. სამინისტროსთვის, ასევე, პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის პრევენციას, რომ სისტემის შიგნით მსგავსი სამწუხარო ფაქტების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს. საზოგადოებას აქვე ვაცნობებთ, რომ სამინისტრომ უკვე მოითხოვა მუზეუმისაგან, რომ შეწყდეს აღნიშნული გამოცემის გავრცელება და მუზეუმმა მიმართოს შესაბამის ზომებს, მესამე პირებზე გადაცემული ეგზემპლარების დასაბრუნებლად. კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც წიგნში არსებული შეცდომის შესახებ მას დროულად შეატყობინა“, – წერს სამინისტრო.


ლიტერატურული მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძემ ელენე დარიანის წიგნში „სამწუხარო შეცდომის“ შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში 2 იანვარს გამოაქვეყნა. ის წერს, რომ ორი ლექსი, რომელიც ელენე ბაქრაძეს გადაწერილი ჰქონდა, მის ლექსებად მიიჩნიეს და წიგნში გამოაქვეყნეს. არადა, ეს ლექსები ანა კალანდაძისაა.

„შეგვეშალა და ბოდიშს ვიხდით“, – წერს ლაშა ბაქრაძე.

„ელენე ბაქრაძის (დარიანის) ჩანაწერების, მოგონებების, წერილების, დღიურების წიგნში უაღრესად სამწუხარო შეცდომა გაგვეპარა – ამ შეცდომის შესახებ ჩვენ გასულ წელს უკვე ვიცოდით, მაგრამ არ გვინდოდა შეცდომის აღიარება ჩაკარგულიყო ამ საახალწლო ეიფორიაში. არანაირი ბოროტგანზრახვა, რასაკვირველია, აქ არ არის და არ შეიძლება, რომ ყოფილიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ლიტერატურის მუზეუმს ბევრი არაკეთილმოსურნე აღმოაჩნდა, დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ელენეს კი ისედაც ჰყავს – რომლებმაც გაიხარეს ამ უნებლიე შეცდომით და მათთვის ჩვეული ზიზღისა და სიძულვილის ნთხევა დაიწყეს“, – წერს ლაშა ბაქრაძე 2 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი თქმით, შეცდომა აღმოაჩინა ანა კალანდაძის პოეზიის უბადლო მცოდნემ და თავად პოეტმა – ქალბატონმა დოდო ჭუმბურიძემ. „ჩვენთვის ეს შეცდომა ორმაგად მტკივნეულია, რადგან ეს შეცდომა სწორედ ელენე ბაქრაძის წიგნს უკავშირდება, რომელსაც არ სწყალობს ქართული ლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურის მოყვარულთა ნაწილი“, – წერს ლაშა ბაქრაძე.

LB loan image desktop LB loan image mobile