ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანეთის ანკლავ სეუტაში მაროკოდან ზღვითა და ხმელეთით დაახლოებით 49 000 მიგრანტი გადავიდა. სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა.
მიგრანტების მასობრივი გადასვლის ფონზე ესპანეთის ხელისუფლებამ სეუტაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად სამხედროები გაგზავნა. სამინისტროს განცხადებით, შეიარაღებული ძალები სამოქალაქო გვარდიას ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარებიან.
ბოლო დღეებში საზღვრის გადაკვეთის მცდელობების ზრდის გამო ადგილობრივი ადმინისტრაცია მადრიდს დახმარებას სთხოვდა, 30 ივლისს კი ვითარება უკონტროლო გახდა და როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, სასაზღვრო კონტროლი ფაქტობრივად ჩამოიშალა.
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ მიმდინარე თვეში გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმდაც, მიგრანტებს, რომლებიც მაშინ დააკავეს, როცა სეუტაში ან მელილიაში მოხვედრას ზღვით ცდილობდნენ, მაროკოში გამარტივებული წესით და დაუყოვნებლივ ვერ დააბრნებენ.
ესპანეთი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებას ადამიანებით მოვაჭრე დანაშაულებრივი ქსელები არალეგალური მიგრაციის წასახალისებლად იყენებენ.
მოგვიანებით ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მაროკოსთან თანამშრომლობს, რათა ქვეყნის ტერიტორიაზე გადასული ყველა ადამიანი უკან „რაც შეიძლება მალე“ დაბრუნდეს.
სეუტა, რომელიც მაროკოს ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს, ევროპაში მოხვედრის მსურველი მიგრანტებისთვის ერთ-ერთ მთავარ მარშრუტად მიიჩნევა.
მომხდარს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, რომი განიხილავს „განსაკუთრებული ზომების“ მიღებას, მათ შორის ესპანეთთან შენგენის ღია საზღვრის რეჟიმის შეჩერებას. მელონის თქმით, სეუტიდან გავრცელებული კადრები აჩვენებს, რომ „უკონტროლო არალეგალური მიგრაცია ევროპის საზღვრების უსაფრთხოებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს“.
საპასუხოდ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი მიგრაციის საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები „შეუფერებელია პარტნიორი და მეგობარი ქვეყნისთვის“. ესპანეთმა დღეს, 31 ივლისს მადრიდში იტალიის ელჩიც დაიბარეს.
დღესვე ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი სეუტაში ჩასვლას გეგმავს და აცხადებს, რომ ხელისუფლება ვითარების ნორმალიზებას დაუყოვნებლივ დაიწყებს. ამ დროისთვის მიგრანტების მიმღები ცენტრები გადატვირთულია, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრალურ მთავრობას დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებს.