28 ივლისს სასამართლოში მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო - აქტივისტი

პუბლიკა

სამოქალაქო აქტივისტის, რუსკა მჭედლიძის ინფორმაციით, 28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. რუსკა მჭედლიძე უწყებაში დღეს გამოიკითხა. დღესვე ჩაუტარდება ექსპერტიზაც.

მჭედლიძის თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.

როგორც მჭედლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოკითხვისას დაასახელა მანდატურების უფროსი დავით მატიაშვილი, რომელმაც, მჭედლიძის თქმით, მასზე იძალადა. აქტივისტის თქმით, სხვა მანდატურების იდენტიფიცირებისთვის უწყება ვიდეოკადრებს გამოითხოვს.

28 ივლისს ღამით მანდატურებმა მოქალაქეებს, რომლებიც საკრებულოსთან დაკავებულების პროცესს ელოდებოდნენ, შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. დაზარალებულები აცხადებენ, რომ რუსკა მჭედლიძეზე და ადვოკატ მარიკა არევაძეზე მანდატურებმა იძალადეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოებიც, სადაც ჩანს, რომ მანდატურები მოქალაქეს ძალის გამოყენებით ატოვებინებენ სასამართლოს.