„ბიძინა ყ*ეა?" - ბანერზე წარწერის გამო პოლიციამ ჯამში 10 მოქალაქე დააკავა

პუბლიკა

„ბიძინა ყ*ეა? კი – არა” – თბილისის საკრებულოსთან ამ წარწერიანი ბანერით დგომის გამო პოლიციამ ჯამში 10 პირი დააკავა.

ამ მოვლენებს წინ უძოდა აქტივისტ თორნიკე თოშხუას დაკავება – ის თბილისის საკრებულოს წინ დაახლოებით საღამოს 10-ის ნახევრისთვის იმყოფებოდა, ხელში  ბანერით: „ბიძინა ყ*ეა? კი – არა”

რამდენიმე წუთში მასთან პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, მოსთხოვეს პირადობის მოწმობის წარდგენა, შემდეგ კი ძალის გამოყენებით პოლიციის მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თოშხუა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე – წვრილმანი ხულიგნობის მუხლით იყო დაკავებული.

მოქმედი კანონმდებლობით წვრილმანი ხულიგნობა ასე განიმარტება − საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს.

თოშხუას დაკავების მიზეზის გასაპროტესტებლად და მისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად საკრებულოსთან მივიდნენ მოქალაქეები/აქტივისტები, რომელთაც იმავე შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში, რაც დაკავებამდე თორნიკე თოშხუას ეკავა.

რამდენიმე წუთში პოლიციამ მათი დაკავებაც დაიწყო. საბოლოოდ დამატებით  დააკავეს 9 პირი.

მოგვიანებით შსს-მ მომხდარზე განცხადება გაავრცელა – მათი თქმით, თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე ჯამში 10 პირი დააკავეს.

„[მათ] საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ. გარდა ამისა ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს”, – წერს შსს.

უწყების ცნობით, აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] და 173-ე [პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა] მუხლების საფუძველზე დააკავეს.