26 ივლისს საკრებულოსთან დაკავებულების საქმის განხილვა სასამართლომ გვიან ღამით დაასრულა.
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ბოლო გადაწყვეტილება, დაახლოებით, ღამის 2 საათზე გამოაცხადა.
26 ივლისს თბილისის საკრებულოსთან „ბიძინა ყ*ეა? კი – არა“ – ამ წარწერიანი ბანერით დგომის გამო პოლიციამ დააკავა აქტივისტი თორნიკე თოშხუა.
თოშხუას დაკავების მიზეზის გასაპროტესტებლად და მისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად საკრებულოსთან მივიდნენ მოქალაქეები/აქტივისტები, იმავე შინაარსის ბანერებით, რაც დაკავებამდე თორნიკე თოშხუას ეკავა.
რამდენიმე წუთში პოლიციამ მათი დაკავებაც დაიწყო. საბოლოოდ დამატებით დააკავეს 9 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
დაკავებულები სასამართლოში 48-საათიანი ვადის ამოწურვამდე, 28 ივლისის შუადღიდან გადაიყვანეს.
10 აქტივისტის საქმე ორმა მოსამართლემ – ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ განიხილეს.
თორნიკე კაპანაძე სამი აქტივისტის დაკავებაზე მსჯელობდა.
პირველი გადაწყვეტილება ვასო ბერიძის საქმეზე გამოცხადდა. კაპანაძემ მას 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
მოსამართლემ არ გაიზიარაშინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, თინათინ კაჭკაჭიშვილის პოზიცია, პატიმრობას მოთხოვნა.
კაპანაძემ შსს-ს პოზიცია ნაწილობრივ გაიზიარა ია მელითაურის საქმეში. თინათინ კაჭკაჭიშვილი პატიმრობას მაქსიმალური ვადით მოითხოვდა, კაპანაძემ კი აქტივისტს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
უწყება ია მელითაურს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
აღსანიშნავია, რომ ია მელითაური წარსულში უკვე ორჯერაა სახდელდადებული პოლიციელის დაუმორჩილებლობის/შეურაცხყოფის მუხლით. ამ მუხლის მესამედ დარღვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.
მოსამართლემ პოლიციის დაუმროჩილებლობის მუხლის (173) დარღვევა არ დაადგინა და მელითაური სამართალდამრღვევად წვრილმან ხულიგნობაში ცნო.
პროცესზე დამსწრეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ია მელითაურმა დაკავების შემდეგ პოლიციაში არასათანადო მოპყრობაზე ისაუბრა და მოსამართლეს დაკავებისას მიღებული დაზიანებები აჩვენა.
თორნიკე კაპანაძემ მესამე დაკავებულის, თორნიკე თიკარაძის საქმის განხილვა 31 ივლისისთვის გადადო. თიკარაძე სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა და დაკავებიდან გაათავისუფლეს.
ზვიად ცეკვავამ განსახილველი საქმეები დააჯგუფა და ისე განიხილა.
პროცესები რამდენიმე საათს გაგრძელდა. ცეკვავამ მოუსმინა მოწმეებსაც და განიხილა ვიდეომტკიცებულებებიც.
საბოლოოდ, ცეკვავას გადაწყვეტილებით:
- თორნიკე თოშხუას 3000-ლარიანი ჯარიმა;
- მარიამ მეყანწიშვილს – 6000-ლარიანი ჯარიმა;
- ნატო ბოლქვაძეს – 5-დღიანი პატიმრობა;
- შაკო ბაღდოშვილს – 10-დღიანი პატიმრობა;
- ლაშა დგებუაძეს – 10-დღიანი პატიმრობა;
- მარინე ნანავას – 5000-ლარიანი ჯარიმა;
- სანდრო სეხნიაშვილს – 5000-ლარიანი ჯარიმა.
დღის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია მოქალაქეებისა და მანდატურების დაპირისპირების შესახებ.
სასამართლოდან ვრცელდებოდა ვიდეოკადრები, როგორ ატოვებინებდნენ მანდატურები მოქალაქეებს სასამართლოს შენობას ძალის გამოყენებით.
ბოლო საქმის განხილვისას, როგორც თავად დაზარალებულები ამბობენ, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა აქტივისტ რუსკა მჭედლიძესა და ადვოკატ მარიკა არევაძეზე იძალადეს.
დაკავებულთა მხარდასაჭერად მისული მოქალაქეები პროცესის დასრულებას სასამართლოს გარეთ, ქუჩაში ელოდებოდნენ.