გურამ დადიანიძის დედა უკვე 12 წელია შვილს უშედეგოდ ეძებს

ნინო შუბითიძე

გურამ დადიანიძის დედა უკვე 12 წელია შვილს უშედეგოდ ეძებს.

„რომელი ლოცვა წავიკითხო, ცოცხალი ვთქვა, თუ მკვდარი” – 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანის (გურიკას) დედა მოითხოვს, რომ ნებართვა მისცენ და გაითხაროს წლების წინ დამეწყრილი ადგილი, სადაც შესაძლოა მისი შვილის ცხედარი იყოს. გურამი 2014 წელს 17 წლის იყო. ახალგაზრდა კაცის დედამ ამაზე გადაცემაში „შენი ამბავი” თაიასთან ისაუბრა. 

სოფიო ბიბილაშვილი საგამოძიებო უწყებას გულგრილობაში ადანაშაულებს.

2014 წელს თბილისიდან ლომისობაზე მლეთაში ექსკურსიაზე ახალგაზრდების დაახლოებით 14-კაციანი ჯგუფი ჩავიდა, რომელთაც თან ერთი ზრდასრული ადამიანიც ახლდათ – ბიჭის მამიდის ახლობელი.

როგორც წლების წინანდელ ინტერვიუში გურამთან მყოფი პირები ჰყვებიან, ის ქვაზე ჩამოჯდა, მთიდან ჩამოსულ თანატოლებს უთხრა, რომ გზა გაეგრძელებინათ და დაეწეოდა. როდესაც ის ქვემოთ მიკროავტობუსში აღარ დაბრუნდა, მასთან ერთად მყოფმა ადამიანებმა გურამის ძებნა დაიწყეს.

დედის თქმით, ჯგუფი თბილისში დაბრუნდა და დაკარგული ბიჭის მამიდას უთხრეს, რომ მას გზა აერია და ჰკითხეს, შემთხვევით ხომ არ მისულა მასთან.

დედის ვერსიით, ბავშვებმა გამომძიებელი შეცდომაში შეიყვანეს და მისი შვილი სავარაუდოდ, ქვაზე კი არ ჩამოჯდა, არამედ მაღლა, მთიდან ჩამოსვლამდე დაიკარგა, შესაძლოა მას ფეხი დაუცდა, ჩავარდა და იმ დღეს მოსულმა მეწყერმა ჩაიტანა.

როგორც დედა ჰყვება, ცოტა ხნის წინ უთხრეს, რომ თავის დროზე გამოძიების ფარგლებში ადგილზე სამძებრო-სამუშაოები ჩაატარეს და მიწას დანადგარიც გადაატარეს. თუმცა სოფიო ბიბილაშვილის თქმით, ის მოატყუეს.

„პუბლიკა” საქმის მიმდინარეობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.