რუსული კანონების გამო კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა

პუბლიკა

კონრად ადენაუერის ფონდმა (KAS) თბილისში ოფისი დახურა. ფონდის განცხადებით, გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი „პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს“ პირდაპირი შედეგია, რომლის პირობებშიც ფონდი საქართველოში საკუთარი ძირითადი მისიის შესრულებას ვეღარ ახერხებს.

„თბილისში ჩვენი საგარეო ოფისის დახურვა პირდაპირი შედეგია იმ პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოსი, რომელიც საქართველოს მთავრობამ შექმნა და რომლის პირობებშიც KAS-ს ადგილზე, როგორც პოლიტიკური ფონდის, საკუთარი ძირითადი მისიის შესრულება აღარ შეუძლია“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

KAS-ის ინფორმაციით, 2026 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავრობამ ფონდის მიერ, ახალი „გრანტების შესახებ კანონის“ ფარგლებში, პროექტების დასაფინანსებლად წარდგენილი განაცხადები არ დაამტკიცა.

ფონდის ცნობით, ახალი სამართლებრივი ჩარჩოს პირობებში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად ინტენსიური ძალისხმევა განხორციელდა, მათ შორის, გერმანიის ფედერალური მთავრობის მხრიდანაც, თუმცა მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო.

„პროექტების დამტკიცება შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩანდა, თუ ისინი აღარ შეესაბამებოდა ფონდის პოლიტიკურ ხასიათსა და მისიას“, – აცხადებს KAS.

ფონდის შეფასებით, საქართველოში მხოლოდ ფორმალური ყოფნა, საკუთარი ძირითადი მისიის შესრულების შესაძლებლობის გარეშე, მისთვის მისაღები ალტერნატივა არ არის.

2026 წლის 4 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც გრანტების მიღებას საქართველოს მთავრობის ან უფლებამოსილი პირის თანხმობა სჭირდება, ხოლო კანონის დარღვევა სისხლის სამართლით დასჯადი გახდა.

კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) საქართველოში 2003 წლიდან მუშაობს. ფონდის საქმიანობა ძირითადად დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, საპარლამენტო განვითარების, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას მოიცავდა. ფონდი ახორციელებდა როგორც საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებს, ისე სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერ პროექტებს.