ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა კამბოლოვს, გაგლოევს, ასევე 4 პრორუს პირს

პუბლიკა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში სანქციები დაუწესა კამბოლოვს, გაგლოევს, ასევე 4 პრორუს პირს.

კერძოდ:

ბრიტანული სანქციები შეეხოთ ოკუპირებული ცხინვალის მოქმედ და ყოფილ ე.წ პრეზიდენტებს, მარატ კამბოლოვსა და ალან გაგლოევს.

სანქციები ორივე მათგანის შემთხვევაში მოიცავს აქტივების გაყინვას, დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვასა და სხვა ფინანსურ შეზღუდვებს.

ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მარატ კამბოლოვმა 2015-2025 წლებში რუსეთის მთავრობისგან სარგებელი მიიღო კურჩატოვის ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობით. ბრიტანეთი აღნიშნავს, რომ ინსტიტუტი რუსეთის ენერგეტიკის სექტორში საქმიანობს და რუსეთის მთავრობასთან არის დაკავშირებული.

ალან გაგლოევი კი, ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, რუსეთის მთავრობისგან სარგებლის მიღებაში ან მის მხარდაჭერაში მონაწილეობდა რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად მუშაობით.

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. მთლიანობაში, სანქცია შეეხო 31 ადამიანს – კრემლის დეზინფორმაციის ქსელებთან დაკავშირებულ პირებს და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილე პირებს.

სანქციების სიაში მოხვდა შვიდი ადამიანი, რომლებიც პროკრემლური დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობენ – მათ შორის ოთხი საქართველოს მოქალაქეა: მამუკა ფიფია, ნიკოლოზ მჟავანაძე, პაატა აბულაძე და გიორგი ირემაძე.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, პრორუსი პოლიტიკოსი მამუკა ფიფია, პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი და საერთაშორისო მდივანი, ხელმძღვანელობდა ქართველ პოლიტიკოსთა დელეგაციას, რომელიც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელს შეხვდა და ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ბრიტანეთის მხარე ასევე აცხადებს, რომ ფიფია რუსეთის დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებდა.

გიორგი ირემაძესთან დაკავშირებით ბრიტანეთი აღნიშნავს, რომ ის, როგორც „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, აღნიშნულ დელეგაციაში მონაწილეობდა და ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ნიკოლოზ მჟავანაძე, ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, დელეგაციის წევრი იყო და ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. დოკუმენტში ის ასევე მოხსენიებულია როგორც საქართველოში რუსულენოვანი ტელეარხის დამფუძნებელი.

პაატა აბულაძეც, ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, დელეგაციის წევრი იყო და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

სანქციები ამ პირების შემთხვევაშიც მოიცავს აქტივების გაყინვას, დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვასა და სხვა შეზღუდვებს.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ამ პირების წინააღმდეგ სანქციების საფუძველი არის მათი სავარაუდო მონაწილეობა იმ პოლიტიკისა და ქმედებების მხარდაჭერაში ან ხელშეწყობაში, რომლებიც, ბრიტანეთის შეფასებით, უკრაინის დესტაბილიზაციას, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის ხელყოფას ან საფრთხის შექმნას ემსახურება.