166-ე სკოლის მოსწავლეების მშობლები ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფას მოითხოვენ

პუბლიკა

166-ე სკოლის მოსწავლეების მშობლებმა განათლების სამინისტროში განცხადება შეიტანეს მოთხოვნით, სკოლა უზრუნველყონ ალტერნატიული ფართით.

ისინი დღესვე ელოდებოდნენ განაცხადზე პასუხს და განათლების სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრას, მაგრამ მათ არავინ შეხვედრია, ამასთან, უწყებაში უთხრეს, რომ პასუხს 10 დღეში მიიღებენ.

166-ე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა კონსტანტინე გურულმა, რომელიც სხვა მასწავლებლებთან ერთად განათლების სამინისტროსთან იმყოფებოდა, „პუბლიკას“ უთხრა, რომ მშობლებმა უკვე მოძებნეს ალტერნატიული ფართი, სადაც სკოლის განთავსებაა შესაძლებელი ისე, როგორც ეს მათ 2 დღის წინ გამართულ შეხვედრისას უთხრეს.

„ჩვენ ახლა მოვითხოვთ განათლების სამინისტროს მხრიდან რეაგირებას – გამოიყოს კონკრეტული პირი ან სამინისტროს ქვეუწყება, რომელიც თავის თავზე აიღებს ამ პასუხისმგებლობას, განისაზღვროს კონკრეტული მოკლე და მკაფიო ვადები და უზრუნველყონ ამ ფართის ქირაობა იმ დროის განმავლობაში, რა დროც სჭირდება სკოლის დემონტაჟს და ახლის აშენებას“, – თქვა პედაგოგმა.

166-ე სკოლის მშობლები და მასწავლებლები თავდაპირველად მოითხოვდნენ, არ დაინგრეს სკოლის შენობა და სანაცვლოდ მას რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.

29 სექტემბერს 166-ე სკოლის მოსწავლეების მშობლებსა და პედაგოგებს სამინისტროების წარმომადგენლები დიდუბის გამგეობაში შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „მოცემულობაა, რომ უნდა აშენდეს ახალი სკოლა“.

„სამინისტრომ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გავაცანით ის გეგმა, თუ რა გეგმა გვაქვს ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით.  მათ ავუხსენით, რომ პროექტი უკვე მზადდება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის უკვე გვექნება გამზადებული, დასრულებული პროექტი და უკვე გაზაფხულზე შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას და სამუშაოებიც, სავარაუდოდ, გაზაფხულის მიწურულს დაიწყება“, – თქვა რევაზ სოხაძემ.

მანამდე, 28 სექტემბერს გამართულ აქციაზე მასწავლებლებმა თქვრს, რომ 166-ე სკოლას სამხარაულის ექსპერტიზა ორჯერ ჩაუტარდა. მისი განცხადებით, ექსპერტიზის ბიურომ დასკვნაში მიუთითა, რომ შენობას მეორე-მესამე ხარისხის დაზიანებები აქვს და მისი რეაბილიტაცია არარენტაბელურია.

ამის შემდეგ სკოლა შენობის დემონტაჟს დათანხმდა და 2024 წელს შენობა დატოვა. 166-ე სკოლის მოსწავლეები ორ სკოლაში – 155-ე და 24-ე საჯარო სკოლებში გადანაწილდნენ.

როგორც ერთ-ერთმა მასწავლებელმა 28 სექტემბერს „პუბლიკას“ უთხრა, სკოლის დემონტაჟის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. მისი თქმით, არსებული მდგომარეობა ყველაზე მეტად ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე აისახება, რადგან მოსწავლეებს სწავლა გვიან ეწყებათ და გვიან ამთავრებენ, რაც, მისი შეფასებით, არაპროდუქტიულია.