სამინისტროში აცხადებენ, რომ 21-ე სკოლას აღარ დაანგრევენ და ამ ეტაპზე რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება

პუბლიკა

განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 21-ე სკოლასთან დაკავშირებით, ექსპერტიზის დასკვნის დამაზუსტებელი შეფასების მიხედვით, შენობაში აუცილებელია კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.

მათივე ცნობით, რამდენიმეკვირიანი სამუშაოების შესრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება 2026-2027 სასწავლო წლის დასრულება იმავე შენობაში. სასწავლო პროცესის გაგრძელების პარალელურად, სკოლაში იწარმოებს არსებული მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი.

„შენობის მდგომარეობის დამაზუსტებელმა შეფასებამ აჩვენა, რომ 21-ე საჯარო სკოლაში, უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოები აუცილებლად არის ჩასატარებელი, რასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება. ამის შემდეგ მოსწავლეები სკოლაში დაბრუნდებიან, სადაც სწავლა-სწავლების პროცესი მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე, შენობის მდგომარეობის უწყვეტი მონიტორინგის პირობებში, გაგრძელდება. ზაფხულიდან კი სკოლაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება, რა დროსაც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება“, – ნათქვამის გავრცელეულ ინფორმაციაში.

21-ე საჯარო სკოლასთან ბოლო რამდენიმე დღეა, მშობლები, მასწავლებლები და ბავშვები საპროტესტო აქციას მართავენ.

18 სექტემბრიდან 21-ე საჯარო სკოლაში სწავლა მოულოდნელად შეწყდა. სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ხუთშაბათს, 17 სექტემბერს მიიღეს შეტყობინება, რომ შენობა ავარიულია, სწავლა უნდა შეწყდეს და შენობა დაინგრეს, ხოლო ბავშვები სხვადასხვა სკოლასა და ცვლაში გადანაწილდნენ.

ლევან სამხარაულის ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორს 10 სექტემბერს გაუგზავნეს, ირკვევა, რომ ფონდმა სამხარაულს საინჟინრო ექსპერტიზაზე 2025 წლის 16 სექტემბერს მიმართა. სამუშაო ჯგუფი შენობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით სკოლაში 2025 წლის 10 დეკემბერს იმყოფებოდა.

დასკვნის მიხედვით, „საერთო ჯამში შესაძლებელია ითქვას, რომ შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და იგი საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩამოთვლილი დაზიანებებისა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად. საპროტესტო აქციებზე მოითხოვდნენ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ეფუძნება სრულ ინფორმაციას, ობიექტურ შეფასებას და სკოლის საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებას.