თბილისის 21-ე სკოლაში მოსწავლეების მშობლები სკოლის დირექციას ხვდებიან. ისინი მკაფიო პასუხებს მოითხოვენ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეწყდა სკოლაში სწავლის პროცესი მოულოდნელად.
მშობლების თქმით, სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ხუთშაბათს, 17 სექტემბერს მიიღეს შეტყობინება, რომ შენობა ავარიულია, სწავლა უნდა შეწყდეს და შენობა უნდა დაინგრეს, ხოლო ბავშვები სხვადასხვა სკოლაში და სხვადასხვა ცვლაში უნდა გადანაწილდენ.
მშობლების თანახმად, შეტყობინებაში ნათქვამია, რომ სწავლის შეწყვეტის მიზეზი ექსპერტიზის დასკვნაა.
ინფორმაცია მასწავლებლებმაც გუშინ მიიღეს, ხოლო დასკვნა 10 სექტემბრით თარიღდება.
„10 სექტემბრის დასკვნაა. ათი რიცხვიდან 17 რიცხვამდე ვიღაც ცოცხალმა ადამიანმა ხომ იცოდა, რომ ასეთი დამანგრეველი დასკვნა არსებობს“, – ამბობს ერთ-ერთი მასწავლებელი ნინო ქევხიშვილი.
განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ თქვა, რომ ექსპერტიზის დასკვნა 17 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში მიიღეს, სასწავლო პროცესის შეწყვეტა კი „უალტერნატივო გადაწყვეტილებაა იმიტომ, რომ ვერცერთი ბავშვის, ვერცერთი პედაგოგის ვერცერთი იქ დასაქმებული ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდით“.
მისივე თქმით, „ინფრასტრუქტურის სამინისტრო უახლოეს დღეებში განახორციელებს და წარადგენს კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ განხორციელდება 21-ე სკოლის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები“, – თქვა მან.
დღეს სკოლაში მივიდნენ განათლების სამინისტროს, რესურსცენტრისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები და სკოლის სამეურვეო საბჭოსა და მოსწავლეების მშობლებს შეხვდნენ.
ნინო ქევხიშვილმა თქვა, რომ როგორც უთხრეს, შენობას აქვს მეორე და მესამე ხარისხის დაზიანებები და ამიტომ ექვემდებარება რეაბილიტაციას. მისივე თქმით, დაზიანებები არაპროფესიონალის თვალისთვის შეუმჩნებელია.
მისივე თქმით, მათ მოითხოვეს ამ დოკუმენტის გასაჯაროება.
„გვითხრეს, რომ რაღაცის გამო ახლა ჯერ არ შეიძლება და ხვალ გამოგიგზავნით გასასაჯაროებლადო“, – თქვა ნინო ქევხიშვილმა.
მისივე თქმით, სკოლა არ განაახლებს მუშაობას არანაირი ფორმატით, სანამ მათ არ უზრუნევლყოფენ შენობით, სადაც გადავლენ და ცხრილიც და კონცეფციაც იგივე შეუნარჩუნდებათ.
„რა თქმა უნდა, გაცდენილ დღეებს ავანაზღაურებთ“, – ამბობს მასწავლებელი.
ნინო ქევხიშვილი ასევე ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა მათ სხვა სკოლებში გადანაწილება ან ონლაინსწავლება შესთავაზეს.
„მაგრამ თქვენო, როგორც ჩანს, მარტო ერთ ვერსიას განვიხილავდითო და ჩვენ ვუთხარით, რომ დიახ, მარტო ერთ ვერსიას განვიხილავთ. ჩვენს სკოლას აქვს თავისებურებები: იგივე საგნობრივი სწავლება, იგივე გერმანული ენის დიპლომი – რომც გვინდოდეს, ვერ დავთანხმდებით იმას, რასაც გვთავაზობენ, ფიზიკურად არის შეუძლებელი სხვადასხვა სკოლაში გადანაწილება, ასევე ონლაინმიზნების მიღწევა“, – ამბობს მასწავლებელი.
ნინო ქევხიშვილისვე თქმით, მას უთხრეს, რომ სკოლის შენობას დაანგრევენ და 12-დან 24 თვემდე ვადებში ახალი, ევროპული სტანდარტების სკოლა აშენდება.
„მშობლებმა და ყველამ თქვა, ვიცით უამრავი მაგალითი, რომ არ შენდება სკოლები“, – თქვა მან.
საქართველოს მასშტაბით არაერთი სკოლაა, რომლებიც შენობების ავარიულობის საბაბით დაანგრიეს, თუმცა სანცვლოდ ახალი არ აშენებულა.
2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში ასობით სკოლამ სწავლა საკუთარ შენობაში ვერ დაიწყო – ამ ჯგუფში შედის არა მხოლოდ დანგრეული სკოლები, არამედ დაკეტილი, რემონტში მყოფი და ავარიული შენობებიც.
2026 წლის 18 ივნისს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თქვა, რომ გაუქმებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან (ESIDA) უწყებას 77 ობიექტი უფლებამონაცვლეობით გადაეცა დასასრულებლად.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2025 წლის 30 სექტემბერს დააკავა 2 ადამიანი, რომლებმაც „2023 წელს „ლაგი კაპიტალის“ მეშვეობით გაიმარჯვეს 11 ტენდერში, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, დღეის მდგომარეობით კი არცერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა“.
მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტში უნდა აშენებულიყო ერთი, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში – სამი სკოლა, ამ შემთხვევაშიც, არცერთი სკოლა აშენებული არ არის. უწყების ცნობით, გამოცხადებული ტენდერების ხელშეკრულებების საერთო ღირებულება შეადგენდა 94 444 427 ლარს.
საჯარო რეესტრის თანახმად, 2023 წლის სექტემბრამდე შპს ლაგის 50%-იანი წილის მფლობელები „ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი ზარქუას ჯერ და – ნინო ზარქუა, შემდეგ კი სიძე – ალექსანდრე ამისულაშვილი იყვნენ.