„პუბლიკამ“ მოიპოვა 21-ე საჯარო სკოლაზე ლევან სამხარაულის ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ბიურომ მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორს გაუგზავნა 10 სექტემბერს.
დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ ფონდმა სამხარაულს საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარებაზე 2025 წლის 16 სექტემბერს მიმართა. სამუშაო ჯგუფი შენობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით სკოლაში 2025 წლის 10 დეკემბერს იმყოფებოდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდი სამხარაულს სთხოვდა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში შეეფასებინათ 21-ე საჯარო სკოლის შენობების ტექნიკური მდგომარეობა მიმდინარე პერიოდისთვის, შენობების სეისმური მდგრადობა და რენტაბელურია თუ არა არსებული სკოლის შენობების რეაბილიტაცია.
დასკვნის მიხედვით, „საერთო ჯამში შესაძლებელია ითქვას, რომ შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და იგი საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ჩამოთვლილი დაზიანებებისა და ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.
არსებული დაზიანებები დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით II-III ხარისხის ფარგლებშია, რაც გამოწვეულია შენობის ტექნიკური მოუვლელობით და ფუძე-საძირკვლის არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციით. აღნიშნული დაზიანებების ინტენსიურობიდან გამომდინარე შენობა მიეკუთვნება III კატეგორიით განსაზღვრული ვარგისიანობის ჯგუფს, თუმცა საქართველოს მთავრობის 2026 წლის 22 აპრილის №161 დადგენილების მუხლი 2; პუნქტი 2-ის შესაბამისად შენობას ენიჭება ვარგისიანობის IV კატეგორია, მისი კონსტრუქციული სქემის არასეისმურობიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს, რომ შენობის აღდგენა-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება არარენტაბელურია და მიზანშეწონილია მოხდეს მისი დემონტაჟი, შესაბამისი სადემონტაჟო პროექტის საფუძველზე.“ – ვკითხულობთ დასკვნაში.
18 სექტემბრიდან 21-ე საჯარო სკოლაში სწავლა მოულოდნელად შეწყდა. სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ხუთშაბათს, 17 სექტემბერს მიიღეს შეტყობინება, რომ შენობა ავარიულია, სწავლა უნდა შეწყდეს და შენობა დაინგრეს, ხოლო ბავშვები სხვადასხვა სკოლასა და სხვადასხვა ცვლაში უნდა გადანაწილდნენ.
- დასკვნის ნაწილს, რომელიც აღწერს ხარვეზებს უცვლელად გთავაზობთ.
„დღევანდელი მდგომარეობით სკოლის შენობაზე შეინიშნება შემდეგი სახის ხარვეზები და დაზიანებები:
ფასადებზე ფრაგმენტულად აშრევებულია და ჩამოცვენილია ნალესი, ხოლო ზოგიერთ მონაკვეთში აღნიშნული ხარვეზი არსებითად საფრთხის შემცველია ფეხით მოსიარულეთათვის, რადგან ფასადებზე შეიმჩნევა ბათქაშის დიდი მოცულობის აშრევებული მონაკვეთები და არსებობს მათი უეცარი ჩამოშლის რისკი.
ფასადებზე მოწყობილი წყალდამშვები მილები (ჟოლობები) უმეტესწილად გაუმართავია, რის გამოც ატმოსფერული ნალექების ჩამოდინება ხორციელდება მიმდებარე კედლებზე და დაზიანებულია ფასადის მოპირკეთება, ასევე ცალკეულ ადგილებზე გამოფიტულია კედლების რკინა-ბეტონის მსხვილი ბლოკები, რომლებიც საჭიროებენ ლოკალურ გამაგრებას.
არსებულ რკინა-ბეტონის ბლოკების შეუღლების მონაკვეთებში, ძირითადად ფანჯრების რაფისქვედა მონაკვეთებში წარმოქმნილია დახრილი და ვერტიკალური მიმართულების ბეწვისებური ბზარები.
შენობაზე ზოგიერთი ფანჯარა სავარაუდოდ ამოშენებულია მოგვიანებით, რომელ ადგილებშიც წარმოქმნილია ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბეწვისებური ბზარები, რაც ღიობის ამოშენებული კედლების შენობის დანარჩენ კედლებთან არაჯეროვანი დაკავშირების შედეგია.
უკანა ფასადის მხარეს, შენობის ერთ-ერთი ძირითადი სასწავლო ნაკვეთურისა და სპორტული დარბაზის ნაკვეთურს შორის არსებული სივრცე დაუსრულებელია და დატოვებულია ღია მდგომარეობაში, რის გამოც ნაკვეთურებს შორის ხდება ატმოსფერული ნალექების ჩამოდინება და აღნიშნული ადგილი საჭიროებს სათანადოდ შევსებას შესაბამისი კონსტრუქციით.
უკანა ფასადის მხარეს მოწყობილი ლითონის გარე კიბის კონსტრუქციებზე შესამჩნევია მცირე კოროზია. საჭიროა გასუფთავდეს კოროზიისაგან კიბის კონსტრუქციები და დაიფაროს ხელახლა საღებავით.
შიდა კედლებზე და ტიხრებზე, ასევე ტიხრების შეუღლების მონაკვეთებში წარმოქმნილია დახრილი მიმართულების ბეწვისებური ბზარები, რომლებსაც გააჩნიათ ლოკალური ხასიათი და ისინი საფრთხეს არ უქმნიან შენობის საერთო ტექნიკურ მდგომარეობას.
ადგილზე მყოფი წარმომადგენლის გადმოცემით, შენობაზე 1990-იან წლებში ჩატარებულია გამაგრებითი სამუშაოები – სპორტული დარბაზის ნაკვეთურის სიახლოვეს მოხდა მიწისქვეშა წყალსადენი მილის დაზიანება, საიდანაც შენობის სარდაფში და საძირკველში მოხდა წყლის გაჟონვა და შენობის ამ ნაწილში განვითარდა ფუძე-საძირკვლის არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციები.
დეფორმაციის კვალი შეინიშნება სარდაფის კედლებზე არსებული დახრილი მიმართულების გამჭოლი ბზარების სახით. წყალსადენი მილის დაზიანების შემდგომ შენობის ამ ნაწილში მოხდა საძირკვლების გამაგრება, ასევე მოეწყო ლითონის ჩარჩოები, მჭიმები და არსებული კედლების დასქელება გარე მხრიდან რკინა-ბეტონის დამატებით კონსტრუქციის საშუალებით.
ჩატარებული გამაგრების შემდგომ შენობის ზედა სართულებზე 1990-იან წლებში შესრულდა ასევე კოსმეტიკური-სარემონტო სამუშაოები და დღეის მდგომარეობით კედლებზე და ტიხრებზე არ შეიმჩნევა რაიმე სახის ბზარები და დეფორმაციები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოების შემდგომ შენობაზე არსებული დაზიანებები დასტაბილურდა და აღარ პროგრესირებს.
მეოთხე სართულზე, ცალკეულ ადგილებზე შესამჩნევია ატმოსფერული ნალექების ჩამოდინების კვალი, რაც გამოწვეულია წყალდამშვები მილების (ჟოლობების) გაუმართაობით ასევე სარდაფის დონეზე არსებულ კედლებზე შეიმჩნევა დანესტიანება. სახურავზე მოწყობილ პარაპეტს არ გააჩნია რკინა-ბეტონის ანტისეისმური სარტყელი, რაც მიწისძვრის შემთხვევაში პარაპეტის ჩამოშლის რისკს ზრდის და მოქმედი ნორმებით დაუშვებელია.
შენობის შიდა ტიხრები სავარაუდოდ ამოყვანილია სილიკატური აგურით, რაც მოქმედი სეისმური ნორმებით დაუშვებელია. სკოლის დერეფნებში განივ კედლებს შორის არსებული მანძილები აჭარბებენ სეისმური ნორმებით 8 ბალიან სეისმურ ზონაში დასაშვებ მაქსიმალურ 9 მეტრის მანძილს.
ამავე სამშენებლო ნორმით – „ბავშვთა და სასკოლო დაწესებულებების სართულიანობა არ უნდა აღემატებოდეს 3 მიწისზედა სართულს“
საერთო ჯამში შესაძლებელია ითქვას, რომ შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და იგი საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ჩამოთვლილი დაზიანებებისა და ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.
არსებული დაზიანებები დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით II-III ხარისხის ფარგლებშია, რაც გამოწვეულია შენობის ტექნიკური მოუვლელობით და ფუძე-საძირკვლის არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციით. აღნიშნული დაზიანებების ინტენსიურობიდან გამომდინარე შენობა მიეკუთვნება III კატეგორიით განსაზღვრული ვარგისიანობის ჯგუფს, თუმცა საქართველოს მთავრობის 2026 წლის 22 აპრილის №161 დადგენილების მუხლი 2; პუნქტი 2-ის შესაბამისად შენობას ენიჭება ვარგისიანობის IV კატეგორია, მისი კონსტრუქციული სქემის არასეისმურობიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს, რომ შენობის აღდგენა-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება არარენტაბელურია და მიზანშეწონილია მოხდეს მისი დემონტაჟი, შესაბამისი სადემონტაჟო პროექტის საფუძველზე.“ – ვკითხულობთ დასკვნაში.