შპს „ინ"-ის დირექტორი გამორიცხავს რომ ბაღებში ბავშვების მოწამვლა მის კომპანიას უკავშირდებოდეს

პუბლიკა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვებიდან შესაბამისი ნიმუშები აიღო. ინფორმაციას ერთ-ერთი მიმწოდებელი კომპანიის დირექტორი ადასტურებს. მისი თქმით, გამორიცხავს, რომ ბავშვების მოწამვლა მის მიერ მიწოდებულ საკვებ პროდუქტს უკავშირდებოდეს.

„დალუქეს და ნამდვილად წაიღეს, იმიტომ, რომ სურსათის უვნებლობის სამსახური იყო მოსული. ნამდვილად ჩატარდა ეს კვლევები და ხელი მომაწერინეს“, – განაცხადა „TV პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში შპს „ინ-ის“ დირექტორმა და დამფუძნებელმა ნანული სიფრაშვილმა.

ნანული სიფრაშვილის თქმით, მისი კომპანია ბაღებს ბურღულეულსა და ხილს აწვდის. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ არსებული მონაცემების მიხედვით კი, შპს „ინ-თან“ სხვა პროდუქტების, მათ შორის, ქათმის ხორცის, კარაქისა და რძის ფხვნილის მიწოდებაზეც ხელშეკრულებების გაფორმება მიმდინარეობს.

თბილისის ბაგა-ბაღებისთვის სხვადასხვა საკვები პროდუქტის მიწოდებაზე ცალკე ტენდერები ცხადდება, რომლებსაც ცენტრალური შემსყიდველი ორგანო აცხადებს.

მაგალითად, არსებული მონაცემებით, ყველის მიწოდებაზე ხელშეკრულება შპს „რიო ყველთან“ არის გაფორმებული, ხოლო კვერცხს თბილისის ბაგა-ბაღებს შპს „თელეთის მეფრინველეობის ფაბრიკა“ აწვდის.

დღეს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ თბილისის 20 ბაგა-ბაღში 55 აღსაზრდელისა და 1 აღმზრდელის ინტოქსიკაციის შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის შემთხვევაზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებით, 7 საჯარო ბაღში ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია.

კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.