ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის დარბაზიდან გათავისუფლდა

პუბლიკა

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – ის დარბაზიდან გათავისუფლდა. მასთან ერთად საპროცესო გაუფორმდა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ზაქრო ალბუთაშვილსაც.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გიორგი ჩახუნაშვილს 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. რაც შეეხება ზაქრო ალბუთაშვილს მის მიმართ დანიშნული სასჯელი შეიცვალა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

პროკურატურის განცხადებით, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული. პროკურატურამ მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა, რაც სასამართლომ დაამტკიცა.

გათავისუფლების შემდეგ გიორგი ჩახუნაშვილმა საზოგადოებას, ოჯახსა და ადვოკატებს მხარდაჭერისთვისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველა ჩემს მხარდამჭერს, ვინც ჩემს იქ ყოფნას განიცდიდა. ნამდვილად არ ველოდი დღეს გათავისუფლებას. აქედან მოკითხვას ვუთვლი ჩემი საკნის ბიჭებს და ყველა პატიმარს. ყველა მინდა, გავამხნევო, ვინც ციხეშია. მადლობა ჩემს ადვოკატებს, რომლებმაც მათ შორის იზრუნეს ჩემს დარწმუნებაში, მადლობა ჩემს ოჯახს. ვინმე რომ არ გამომრჩეს, ყველა ძალიან მიყვარხართ. ყველაფერი იქნება კარგად, კი არა ძალიან კარგად!” – განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.


72 წლის პედიატრს, პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 19 ივნისს მიუსაჯა 5-წლიანი პატიმრობა. ჩახუნაშვილს პროკურატურა კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუასა და დავით ჟღენტთან ერთად ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.

ზაქრო ალბუთაშვილსაც ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.