ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმები აქციას მართავენ

პუბლიკა

ბათუმის რესპუბლიკის საავადმყოფოსთან პროტესტია. ექიმები კლინიკიდან სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის, ჯუმბერ ბოლქვაძის შესაძლო გათავისუფლებას აპროტესტებენ.

ჯუმბერ ბოლქვაძე 2017 წლიდან ბათუმის რესპუბლიკის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების სამსახურში მუშაობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსს ჯუმბერ ბოლქვაძეს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სთხოვს, რომ მან დატოვოს თანამდებობა და სხვაგან გადავიდეს.

მედიასთან გაკეთებულ კომენტარებში ექიმები ამბობენ, რომ სავარაუდო მიზეზი რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ამბავია, როცა კლინიკამ გადატვირთულობის გამო პაციენტის მიღება ვერ შეძლო და სასწრაფო დახმარების ბრიგადის კითხვაზე – თუ სად წაეყვანა პაციენტი, მან უპასუხა, რომ უნდა წაეყვანათ ჯანდაცვის მინისტრთან.

ექიმების განცხადებით, სწორედ ამ ფაქტის გამო სთხოვენ, რომ მან დატოვოს თანამდებობა. ექიმები გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მოთხოვნა თანამდებობიდან წასვლაზე უსამართლოა.

„ეს გადაწყვეტილება უსამართლოა და იურიდიული საფუძველი არ უდევს. ყველა ჩვენგანი და უმრავლესობა კლინიკის თანამშრომლის ვთვლით, რომ ეს უსამართლოა გადაწყვეტილებაა. ადამიანი, რომელმაც ბევრი რამე გააკეთა ამ კლინიკისთვის და არაერთი ადამიანი გადაარჩინა, ასე არ უნდა გათავისუფლდეს“, – კლინიკის ექიმმა გიორგი ლომიძემ გამოცემა „ბათუმელებთან“ განაცხადა

„რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით ივლისის თვეში იყო მაღალი მომართვიანობა. პაციენტები რიგში იდგნენ. დარეკა სასწრაფომ და რეანიმაციული პაციენტის შემოყვანა გვთხოვეს. ჩვენ არ გვქონდა რესურსი არც რეანიმაციულში, არც ინტენსიურში. ასეთ დროს დანაშაულიც კია რეანიმაციული პაციენტის მიღება. აქედან გამომდინარე კითხვას – სად წავიყვანოთ? მოჰყვა ფრაზა წაიყვანეთ მინისტრთან. დამცირების გამო არ უთქვამს, ეს მძიმე მორიგეობის შემდეგ ნათქვამი ფრაზა იყო“, – განაცხადა ერთ-ერთმა ექიმმა.

მისივე თქმით, ამის შემდეგ მოიძია ეს ჩანაწერი მინისტრმა და მოითხოვა ბოლქვაძის გათავისუფლება. თავად ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ ეს იყო ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნათქვამი სიტყვის მასალა იყო.

„ეს არის ჩვეულებრივი სიტყვის მასალა ფორსმაჟორულ სიტუაციაში. უდანაშაულოდ, იურიდიული საფუძვლის გარეშე მომთხოვონ თანამდებობის დატოვება, ამის უფლება მგონი, არ აქვთ. დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოვიდა და მოითხოვა, რომ დამეტოვებინა კლინიკა. სხვადასხვა ზარებიც ხორციელდებოდა ჩემთან, რომ დამეტოვებინა თანამდებობა და გადავსულიყავი სხვაგან. კონკრეტული ფრაზის გამო ვისჯები, რომელიც დანაშაული არ არის. არ მიმიტოვებია პაციენტი. აღმოჩნდა, რომ ეს ერთი ფრაზა შეიძლება გახდეს მთელი ჩემი კარიერის და საექიმო საქმიანობის დასასრული“, – ამბობს ჯუმბერ ბოლქვაძე.

ჯუმბერ ბოლქვაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში თქვა, რომ მან მიხეილ სარჯველაძეს „არ ჰქონდა პასუხი და არც გაუმახვილებია ყურადღება იმაზე, რომ პაციენტები რჩებიან სასწრაფოს მანქანაში, ემერჯენსში, ვერ ხვდებიან რეანიმაციაში, ვერ იღებენ სამედიცინო სერვისს და შეიძლება, საფრთხე შეექმნას პაციენტის ჯანმრთელობას – ჩათვალა, რომ მნისვნელოვანი მხოლოდ ისეთი ფრაზაა, რომელიც ასეთ სიტუაციაში ვთქვი“.

„საერთოდ არავინ არ ფიქრობს ისეთ პაციენტებზე, რომლებსაც სჭირდებათ რეანიმაცია, მაგრამ ვერ ხვდებიან იქ. ალბათ სამინისტროს ხარვეზი გაისმა ამ ფრაზაში“, – ამბობს ბოლქვაძე „ბათუმელებთან“.

რაც შეეხება კონკრეტულ პაციენტს – მან ბოლქვაძე ამბობს, რომ მან საბოლოოდ მიიღო სერვისი, ის ემერჯენსში მოთავსდა, რეანიმაციაში კი მეორე დღეს გადაიყვანეს. თუმცა, ემერჯენსში რეზერვიც ამოწურული იყო.

მისივე თქით, მიხეილ სარჯველაძესთან საუბარი „სასიამოვნო არ ყოფილა“.

„აგრესიული, ხმამაღალი, მითითებები და ა.შ“, – თქვა ჯუმბერ ბოლქვაძემ.

ექიმის თქმით, მინისტრს თავისი ნათქვამისთვის ბოდიშიც მოუხადა, თუმცა სარჯველაძემ უთხრა, რომ ბოდიში საკმარისი არ არის.

„პირდაპირი მითითება იყო, რომ უნდა წავსულიყავი სამსახურიდან“, – თქვა ჯუმბერ ბოლქვაძემ.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.