უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა დრონმა 30 სექტემბერს კიევში, ბირთვული კვლევების ინსტიტუტის ტერიტორიას დაარტყა. ინციდენტის შედეგად ხანძარი გაჩნდა, თუმცა ადგილზე მდებარე კვლევითი ბირთვული რეაქტორი არ დაზიანებულა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბირთვული კვლევების ინსტიტუტის ინფორმაციით, დარტყმა 30 სექტემბერს, 18:18 საათზე მოხდა. თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძარი მალევე ჩააქრეს.
„მიმდინარეობს გამოძიება და მიყენებული ზიანის შეფასება“, – ნათქვამია უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის განცხადებაში.
ამავე უწყებამ მომხდარი „ბირთვულ ტერორად“ შეაფასა.
უკრაინის ბირთვული რეგულირების ინსპექციის ცნობით, არ დაზიანებულა არც რეაქტორი და არც უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი სისტემები. ასევე, არ დაფიქსირებულა რადიაციული ფონის ცვლილება. რადიაციის მაჩვენებელი ბუნებრივი ფონის ფარგლებში – 0,16-0,20 მკზვ/სთ – რჩება.
მეცნიერების განმარტებით, რადიაციული რისკების შესამცირებლად კვლევითი რეაქტორი 2022 წლის თებერვლიდან გაჩერებულია და მისი აქტიური ზონა სრულად არის დაცლილი. ამჟამად მისი ექსპლუატაცია მხოლოდ უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი სისტემების გეგმური ტექნიკური მომსახურებით შემოიფარგლება.
ВВР-М ტიპის რეაქტორი ნეიტრონების წყაროდ გამოიყენება ბირთვული ფიზიკის სფეროში ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისთვის.
ბირთვული კვლევების ინსტიტუტის განცხადებით, ასეთი თავდასხმა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საერთაშორისო პრინციპებისა და ნორმების უგულებელყოფაა და შესაძლოა, ომის დანაშაულად შეფასდეს.