დეკრეტული შვებულება და მშობლად ყოფნის ტვირთი

პუბლიკა

ია ერაძე/პოლიტიკური ეკონომიკის მკვლევარი, სოციალური და ეკონომიკური მეცნიერებების დოქტორი

ჩვენს სახელმწიფოში არ უყვართ ბავშვებსა და ქალებზე ფიქრი, სადღეგრძელოების მიღმა. პერიფერიული ეკონომიკისა და ნეოლიბერალური პატრიარქალური წყობის სოციოეკონომიკურ ტკივილებს კი, ალბათ, ყველაზე მეტად ბავშვიანი ოჯახები აერთიანებენ. ისინი ბავშვის დაბადებისთანავე მარტო რჩებიან მწვავე სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე. ქალებისთვის განსაკუთრებით რთულია ასეთ სისტემაში შვილების გაჩენა, რადგან არსებული წყობა გულგრილია სოციალური რეპროდუქციის მიმართ. დასაქმებული დედები, როგორც წესი, რთული ემოციური და ფინანსური არჩევანის წინაშე დგანან – დრო დაუთმონ ახალშობილზე ზრუნვას შემოსავლის დაკარგვის ხარჯზე, თუ განაგრძონ მუშაობა და (უმეტესად) სხვის პრეკარიულ შრომას გადააბარონ ბავშვის აღზრდა. ერთი სისტემური ჩაგვრა მეორეს წარმოშობს და ასე ვიმკით ნეოლიბერალური სახელმწიფოს სოციალური უპასუხისმგებლობის შედეგებს. 

შრომის კოდექსის თანახმად, მშობლებს შეუძლიათ, ისარგებლონ 183-დღიანი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით, თუმცა კერძო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურება ერთჯერადი, მაქსიმუმ 1000-ლარიანი დახმარებით შემოიფარგლება. ამ კუთხით ვერაფერი შეცვალა ახალმა შრომითმა კოდექსმაც. ქვეყანაში, სადაც ფასი საკვებსა თუ წამლებზე დღითი დღე იზრდება, სუსტი ვალუტის, მაღალი ინფლაციისა და იმპორტზე დამოკიდებულების გამო, აღნიშნული ანაზღაურება მხოლოდ სადღეგრძელოში მოსახსენებლად თუ გამოდგება. 

ბავშვის დაბადებიდან ექვსი თვის შემდეგ კი დეკრეტულ შვებულებაში მყოფი დედა რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდება – იმუშაოს და ამ ხელფასის უმეტესი ნაწილი ძიძის დაქირავებას მოახმაროს, თუ თავად იზრუნოს შვილზე და დაკარგოს სამსახური. ეს დილემა მხოლოდ ფინანსური არ არის. ქალები ხშირად არჩევენ სახლში დარჩენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვილის ბუნებრივი კვებისა და ბავშვის ემოციური განვითარებისთვის, თუმცა, ამავდროულად, დედები შორდებიან პროფესიულ საქმიანობას და მოგვიანებით, უფრო და უფრო უჭირთ შრომით ბაზარზე დაბრუნება. ახალი შრომის კოდექსით, დედებს უფლება აქვთ დაბრუნდნენ სამუშაო ადგილზე დეკრეტული შვებულების შემდეგ, თუმცა, სამსახურში დაბრუნების შემთხვევაშიც, დედები მუდმივი წნეხის ქვეშ იმყოფებიან, არაღიარებულ ზრუნვის შრომასა და პროფესიულ საქმიანობას შორის გაბმულნი. სწორედ აქ იჩენს თავს ქალების ემანსიპაციის მოჩვენებითი ხიბლი, რომელიც, ძირითადად, მათ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაბმას უზრუნველყოფს, მაგრამ უგულებელყოფს ყველა სხვა წინაპირობას სოციალური რეპროდუქციისთვის, ღირსეული დეკრეტული შვებულების ჩათვლით. არადა, სწორედ სოციალური კვლავწარმოებაა კაპიტალიზმის საყრდენი. 

საქართველოს სოციოეკონომიკური მოწყობა ჯერ კიდევ ოჯახის, სანათესავოსა და სამეგობროს მჭიდრო კავშირებისა და სოლიდარობის დაშვებაზე დგას (სხვაგვარად აუხსნელი იქნებოდა მაგ. 3-თვიანი საზაფხულო არდადეგები სკოლისა და ბაღის მოსწავლეებისთვის), მაგრამ, სამწუხაროდ, ნეოლიბერალიზმმა უკვე დიდი ხანია, მოშალა და მოარყია ეს სოლიდარობა. ყველა ცალ-ცალკე იბრძვის თავის გადარჩენისთვის. მშობლებისთვის ბავშვის ადრეულ ასაკში, არც სახელმწიფო სტრუქტურებია დასაყრდენი და ვეღარც ოჯახი ითავსებს ამ ფუნქციას. 

ამრიგად, ის დედები, რომლებიც დეკრეტის შემდეგ განაგრძობენ მუშაობას, იძულებულნი არიან, მეტწილად სხვა ქალების არაფორმალურ შრომას ჩაებღაუჭონ. ძიძები ხომ ჩვენი საზოგადოების ყველაზე უხილავი და ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი მისიის შემსრულებელნი არიან, არასათანადო ანაზღაურებით. ამ პრეკარიულობის მიღმა კი სახელმწიფოს უუნარობა დგას, გაახანგრძლივოს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება და მოგვიანებით უზრუნველყოს ბავშვზე სათანადო ზრუნვა სახელმწიფო ბაგა-ბაღებში. 

მართალია, ახალი შრომის კოდექსი მამებსაც აძლევს დეკრეტული შვებულების უფლებას, მაგრამ თვალი გავუსწოროთ რეალობას. მაშინ, როცა მამაკაცების ხელფასი ბევრად აღემატება ქალების ხელფასს, ოჯახების უმეტესობისთვის ძალიან რთული იქნება, უარი თქვან ამ შემოსავალზე, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა დეკრეტული შვებულების ანაზღაურება ხშირად მხოლოდ სიმბოლურია. სწორედ ქალების უთანასწორო ანაზღაურებაა მათი ზრუნვის შრომაზე გადართვის ყველაზე ხშირი მიზეზი, არა მარტო პერიფერიულ ეკონომიკაში, არამედ მდიდარ სახელმწიფოებშიც. ამრიგად, წარმოუდგენელია დედისა და მამის დეკრეტული შვებულების თანაბრად სარგებლობის უფლებაზე ვისაუბროთ, თუ ქალებისა და კაცების ხელფასი ერთმანეთს არ მიუახლოვდება. 

სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს ღირსეული დეკრეტული შვებულება როგორც შანსი, აღიაროს ზრუნვის შრომა და დააფასოს იგი. ღირსეულ დეკრეტულ შვებულებას კი მშობლებისთვის სათანადოდ ანაზღაურებადი დროის გამოთავისუფლება, სამუშაო ბაზარზე ქალების სამართლიანი შრომის პირობების შექმნა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სჭირდება. 


განახლებული შრომის კოდექსის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით კამპანია „შრომის ლექსიკონის“ ფარგლებში, „პროგრესული ფორუმი“, გამოცემა „პუბლიკა“ და platforma.ge მკითხველს ბლოგების სერიას სთავაზობს.

კამპანიის მიზანია განახლებული შრომის კოდექსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება; დასაქმებულთა და დამსაქმებელთათვის შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს ორგანიზატორთა შეხედულებებს.