პოლარიზაცია ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს ვნებს – სვენ მიკსერი

პუბლიკა

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებლის, სვენ მიკსერის თქმით, ქართველ პოლიტიკოსებს კომპრომისი სისუსტედ მიაჩნიათ, როცა ევროპარლამენტი, პირიქით, ორიენტირებულია კომპრომისზე და ეს სიძლიერის ნიშნადაა მიჩნეული.

სვენ მიკსერის თქმით, ქართველმა პოლიტიკოსებმა დათმობაზე წასვლა უნდა შეძლონ და ვინაიდან პარლამენტში უმრავლესობა მმართველ პარტიას აქვს, პირველი ნაბიჯებიც მათ შეუძლიათ, რომ გადადგან.

„ვროპარლამენტი არის ინსტიტუტი, რომელიც ორიენტირებულია კომპრომისზე და შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე ჩემი ეროვნული პარლამენტი იყო. მე იქ ვხედავ, რომ პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები მზად არიან, რაღაცნაირად გამონახონ საერთო ენა, წავიდნენ კომპრომისებზე და ეს არის რეალურად სიძლიერის ჩვენება და არა, პირიქით.

სისუსტე არაა, როცა დათმობებზე მიდის რომელიმე მხარე. როდესაც ქართველებს ვესაუბრები სხვადასხვა პარტიიდან, ვხედავ, რომ მათთვის დათმობა სისუსტეა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადავლახოთ ასეთი მიდგომა“, – განაცხადა სვენ მიკსერმა საქართველოს პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მისი მოსმენისას.

სვენ მიკსერის თქმით, მისი პოზიციაა, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებმა სუბიექტებმა რეალურად გაამართლონ ხალხის მოლოდინი, რასაც ხელს არ უწყობს ანტაგონიზმი. 

„მრავალი ქვეყნის მაგალითზე გვინახავს, თუ როგორი ანტაგონისტური და პოლარიზებული შეიძლება იყოს პოლიტიკა. საქართველო, ვფიქრობ, არის ერთ-ერთი მაგალითი, სადაც ამ პოლიტიკურ ანტაგონიზმს და პოლიტიკურ პოლარიზაციას პერიოდულად მთელი პოლიტიკური დისკურსი და პოლიტიკური პროცესები შეჰყავდა ჩიხში. არ მჭირდება ამის ხაზგასმა, მაგრამ მსგავსი სახის მუდმივი დაპირისპირება აშკარად ვნებს ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს.

ევროკავშირმა მზადყოფნა გამოთქვა, დახმარება გაუწიოს ქართველ ხალხს მსგავსი სახის სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაში. ცხადია, ქართველი ხალხის პრეროგატივაა, გადაჭრას არსებული გამოწვევები, თუმცა, ევროკავშირი მზადაა, ხელი შეგიწყოთ ამ პროცესში“, – განაცხადა სვენ მიკსერმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მასთან ინტეგრაციას, თუმცა ასოცირების შეთანხმებას ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატობამდე ავტომატურად არ მიჰყავს.

„პროცესის წარმატება დამოკიდებულია სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ კრიტიკული მნიშვნელობის გახლავთ ქვეყნის მზადყოფნა. ფილოსოფიურად ვიტყოდი, რომ შესაძლებლობის კარი იღება და იხურება და დიდხანს შეიძლება, მოგიწიოს შემდეგ ჯერზე კარის გაღების ლოდინი.

ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია სწორედ ეს ამბიციური მიდგომა. რეფორმების უმრავლესობა, რომლებიც გახლავთ ასოცირების შეთანხმების ნაწილი, სარგებლის მომტანია საქართველოს ბიზნესკლიმატისთვის, საქართველოს საზოგადოებისთვის.

ასე რომ, ეს რეფორმები სარგებლიანია და ღირს მათი გატარება მაშინაც კი, თუ ამას შევხედავთ დამოუკიდებლად იმ ამბიციებისგან, რაც ეხება ევროკავშირში გაწევრებას“, –  განაცხადა ევროპარლამენტარმა.