ოკრიბელაშვილსა და მეფარიშვილს საპროცესო გაუფორმდათ - ისინი ციხეში კიდევ 10 თვეს გაატარებენ

პუბლიკა

400-ლარიანი ჯებირის დაზიანების საქმეზე ბრალდებულებს, ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

შეთანხმების მიხედვით, ისინი დამნაშავედ იქნენ ცნობილი ნივთის ჯგუფურად დაზიანებაში, მათ პენიტენციურ დაწესებულებაში 1 წლის და 6 თვის გატარება მოუწევთ, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა კი ჩაეთვლებათ პირობით მსჯავრად.

გამომდინარე იქიდან, რომ საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი 2024 წლის 16 მაისს დააკავეს, მათი პატიმრობის ათვლა ამ დღიდან დაიწყო. შესაბამისად, მსჯავრდადებულები პენიტენციურ დაწესებულებას 10 თვეში დატოვებენ.

ბრალდებულებს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრებათ 2 წელი და 6 თვე, საიდანაც 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალათ პირობითად.

ომარ ოკრიბელაშვილმა და საბა მეფარიშვილმა ბრალი აღიარეს – წარდგენილი 187-ე მუხლის მეორე ნაწილით და დაეთანხმნენ მათთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.

მათ ბრალად ედებოდათ 14 მაისს საპროტესტო აქციაზე შსს-ს კუთვნილი 400-ლარიანი ჯებირის ჯგუფურად დაზიანება.

აღსანიშნავია, რომ ზიანი – 400 ლარი უკვე ანაზღაურებულია – ორგანიზაციამ (DRI), რომელიც მათ უფლებებს იცავდა, ჯებირის დაზიანებით დამდგარი ზიანი – 400 ლარი ივლისში აანაზღაურა.