NGO-ებმა შეაფასეს, როგორ შესრულდა 19 აპრილის შეთანხმება

პუბლიკა

„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“, „ღია საზოგადოების ფონდმა“, „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ერთობლივად შეაფასეს, როგორ შესრულდა ე.წ. მიშელის დოკუმენტით აღებული ვალდებულებები.

ანგარიში, რომლის პრეზენტაციაც ცოტა ხნის წინ გაიმართა, მომზადებულია „ღია საზოგადოების ფონდის“ ინიციატივით და ცალ-ცალკე მიმოიხილავს, შეთანხმების რომელი ნაწილი შესრულდა სრულად, რომელი – ნაწილობრივ და რომელი დარჩა შეუსრულებელი.

პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებას აღქმულ საკითხებზე რეაგირება

ორგანიზების შეფასებით, ამ პუნქტით აღებული ვალდებულებები ნაწილობრივ შესრულდა.

შეთანხმებით გათვალისწინებული იყო, რომ რეაგირება მომხდარიყო პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საქმეზე, პარლამენტში დარეგისტრირდებოდა 19-21 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანონპროექტი და შეიცვლებოდა რეგლამენტი – გაიზრდებოდა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა.

რა შესრულდა?

ანგარიშის მიხედვით, პარლამენტში დაინიცირდა ამნისტიის ორი კანონპროექტი.

ამასთან, პრეზიდენტმა შეიყალა გიორგი რურუა. შეთანხმებიდან 3 კვირაში დატოვა საპატიმრო ნიკა მელიამაც. მისი გირაო, 40 ათასი ლარი, ევროპულმა ორგანიზაციამ საიას დახმარებით გადაიხადა.

ამასთან, პარლამენტში დაინიცირდა რეგლამენტში ცვლილებები, რომლის მიხედვით, იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო ხმათა რაოდენობა გაიზარდა.

რა არ შესრულდა?

„ოცნების“ მიერ ინიცირებულ ამნისტიის პროექტში გათვალისწინებული იყო ამნისტიაზე თანხმობის გამოცხადების მუხლიც. გაჩნდა ეჭვი, რომ ეს მუხლი მიმართული იყო ნიკა მელიას წინაარმდეგ, რადგან ის აცხადებდა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, შეწყალება რომ მიიღოს.

კანონპროექტმა 2 მოსმენა გაიარა, რის შემდეგაც მმართველმა პარტიამ კანონპროექტის მე-3 მოსმენით განხილვის ვადა 2021 წლის 24 ივნისიდან 30 დღით გადადო, თუმცა ამ მიმართულებით ამ დრომდე არაფერი შეცვლილა, შესაბამისად, შეთანხმებით გათვალისწინებული „ამნისტიის შესახებ“ კანონი ჯერ კიდევ არ არის მიღებული.

„ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის 28 ივლისს, შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, შესაბამისად, გაურკვეველია, რა ბედი ეწევა კანონპროექტს.

ამბიციური საარჩევნო რეფორმა

შეთანხმება ითვალისწინებდა, რომ ყველა მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე.

ორგანიზაციების შეფასებით, ეს პუნქტი ნაწილობრივ შესრულდა.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, 2%-იანი ბარიერით, პროპორციული წესით ჩატარდება მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები.

ასევე ნაწილობრივ შესრულდა პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა ფრაქციის შესაქმნელად საჭირო დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას.

ამავე საკონსტიტუციო ცვლილებებით, მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები.

საკონსტიტუციო ცვლილებებმა პირველი მოსმენა გაიარა, თუმცა ამის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრები აღარ ჩატარებულა.

შესრულდა პუნქტი, რომლის მიხედვით, შეიცვალა ადგილობრივ არჩევნებში ბარიერი და პროპორციული სისტემა.

ნაწილობრივ შესრულდა საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილების პუნქტი.

საკანონმდებლო ცვლილებებით, ცესკო, თავმჯდომარის ჩათვლით, არაუმეტეს 17 წევრისგან დაკომპლექტდება, რომელთაგან არაუმეტეს 9 წევრს პარტიები დანიშნავენ, ხოლო 8 წევრს, მათ შორის თავმჯდომარეს, პრეზიდენტის წარდგენით პარლამენტი აირჩევს 5 წლით. ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების ასარჩევად საჭირო იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა. ცვლილებების შესაბამისად ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე არჩეულ იქნა ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული წევრი.

შეფასებაში ასევე საუბარია საკითხებზე, რომლებიც სრულად შესრულდა. ესენია: კანონის ახალი რედაქციით, ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი სრული შემადგენლობის 2/3 (100 ხმა) ირჩევს. თუმცა, ამავე დროს გათვალისწინებულია დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმი;

საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქციით, ცესკოს თავმჯდომარესა და პროფესიულ წევრებს პარლამენტი სრული შემადგენლობის ⅔-ით (100 ხმა) ირჩევს. თუ კანდიდატი 2 ჯერზე ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მესამე ცდაზე საჭიროა ⅗-ის (90 ხმა) მხარდაჭერა. თუ ამდენი ხმაც ვერ მოგროვდა, მეოთხე კენჭისყრისას, პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საკმარისი; საოლქო საარჩევნო კომისიები მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების 10%-ს სავალდებულო წესით გადაითვლიან. საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით კომისიის სხდომაზე გამოავლინოს 5 საარჩევნო უბანი, გახსნას ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები; ქვეყანაში 73 საარჩევნო ოლქია, შესაბამისად, გადასათვლელი უბნების რაოდენობა, 10%-ს აღწევს.

სასამართლო რეფორმა

ორგანზიაციების შეფასებით არ შესრულდა ამბიციური სასამართლო რეფორმის დამტკიცების ვალდებულება.

არ შესრულდა პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ უნდა გაიზარდოს პირველ ინსტანციასა და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის გამჭვირვალობა.

ნაწილობრივ შესრულდა უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინების ვალდებულება.

აღსანიშნავია, რომ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას და ორგანიზაციებს, ასევე კანონი დამტკიცდა მანამ, სანამ ვენეციის კომისია ცვლილებებზე პოზიციას გამოაქვეყნებდა. მოგვიანებით კომისიამ განაცხადა, რომ კანონპროექტი ვერ პასუხობდა მართლმსაჯულების გამოწვევებს.

არ შეჩერდა უზენაეს სასამართლოში მიმდინარე დანიშვნები და არ გამოცხადდა ხელახალი კონკურსი. არ დაწყებულა იუსტიციის საბჭოს სიღრმისეული რეფორმა. არ შესრულდა პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს გენპროკურორის დანიშვნისთვის საჭირო ხმების გაზრდას; არ გაგრძელებულა ინკლუზიური პროცესის საშუალებით სასამართლო რეფორმა.

პარლამენტში ძალაუფლების განაწილება

NGO-ების შეფასებით, არ შესრულდა პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა 5 კომიტეტის თავმჯდომარედ ოპოზიციონერი დეპუტატის დანიშვნას. 16-ვე კომიტეტს „ოცნების“ დეპუტატები ხელმძღვანელობენ.

ასევე არ შესრულდა პუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა, რომ ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს უნდა დაეკავებინათ საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარის პოზიცია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში, ევროკავშირთან ასოცირების მომიტეტში , ევროსაბჭოს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეებში.

არ შეიქმნა „ჟან მონეს დიალოგის“ ფორმატი ევროპარლამენტთან;


2021 წლის 28 ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.