„ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება.

„დღეს, 19 აპრილის შეთანხმებიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერიათ, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალური ოპოზიციას მკაცრად მოსთხოვონ დოკუმენტზე ხელის მოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა. ქვეყანა უკვე ახალი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გადავიდა და თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იმ პოლიტიკური შეთანხმების ფონზე, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტია ხელს არ აწერს, ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელია. ამ ვითარებაში „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური შეთანხმების ამოწურულად გამოცხადება უალტერნატივო ნაბიჯად გვესახება“, – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა ბედი ეწევა შეთანხმების იმ პუნქტებს, რომელთა შესრულებაც ჯერ არ დაწყებულა ან ჯერ არ დასრულებულა. მან ყურადღება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხზეც გაამახვილა.

„მზად ვართ ჩვენი კეთილი ნებით რიგგარეშე არჩევნები ხმების არათუ 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ეფექტური კოალიციური მმართველობისთვის მომწიფებულია და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს. ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში არის დამკვიდრებული“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო რეფორმა მომავალი წლის ზაფხულამდე დასრულდება.

„ჩვენ ჯერ კიდევ 19 აპრილამდე განვაცხადეთ, რომ სასამართლო და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები ყოველგვარი პოლიტიკური შეთანხმების გარეშეც განხორციელდებოდა. შესაბამისად, ეს პროცესი გაგრძელდება – სასამართლო რეფორმა მომავალი წლის ზაფხულამდე დასრულდება, ხოლო ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი პროცედურისა და საპარლამენტო სუვერენიტეტის პრინციპების შესაბამისად სიღრმისეულად განიხილება და მიიღება. შემოდგომაზე დასრულდება ამნისტიის შესახებ კანონის მიღება. ჯანსაღი პოლიტიკური კონსულტაციების საფუძველზე განაწილდება საპარლამენტო თანამდებობები იმ ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც კონსტრუქციული თანამშრომლობის მზაობას დაამტკიცებენ“, – განაცხადა კობახიძემ.