როგორც სამინისტრო განმარტავს, საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა და ცოლ-ქმრისადმი წარდგენილი ბრალდებები საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას ეფუძნება, მათ შორის, ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, როგორც შსს ამბობს, „უტყუარად” დასტურდება ნოდარ ჩაჩუას მიერ „ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის“ რეალიზაციის ფაქტი”. უწყების თქმითვე, აღნიშნულს ნოდარ ჩაჩუას მეუღლე, ლალი ბერიაც ესწრებოდა.
„პირადი ჩხრეკის მიმდინარეობისას, რომლის ვიდეოგადაღებაც პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს, ლალი ბერიამ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს გამრეკელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ინახავდა და ნებაყოფლობით მიუთითა მათი ზუსტი ადგილმდებარეობა.
ნოდარ ჩაჩუასა და ლალი ბერიას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: „კოკაინი“, „მეთადონი“, „მდმა“, „ალფა-პვპ“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“.
ამავე ბინიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ნივთები, მათ შორის, ელექტროსასწორი, კოლბები და წებოვანი ლენტები.
ნოდარ ჩაჩუას ბრალდება წარედგინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე.
რაც შეეხება ლალი ბერიას, მას ბრალდება წარედგინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე”, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დღეს, 11 ნოემბერს, გავრცელდა ციხიდან გამოგზავნილი ნოდარ ჩაჩუას წერილი, რომელშიც ის პოლიციის მხრიდან ოჯახის წევრებზე ზეწოლაზე საუბრობს.
ჩაჩუას თქმით, მისი დაკავების „გასაპრავებლად“ ზეწოლა ხორციელდებოდა მის მეუღლეზე, ლალო ბერიაზე, რათა მას ეღიარებინა, რომ ჩხრეკისას ჩაჩუასთვის ამოღებული „5 გრამი აკრძალული ნივთიერების“ შესახებ იცოდა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი ჟურნალისტი წერილში ასევე საუბრობს დაკავების მომენტში პოლიციის მხრიდან მუქარასა და დაშინებაზე.
ამავე წერილში ნოდარ ჩაჩუა აღნიშნავდა, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მისგან სხვა პირების დასახელებასა და მათ წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მოითხოვდნენ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ნოდარ ჩაჩუას მეუღლეს ლალო ბერიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ლალი ბერიამ სრულად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რის შემდეგაც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება შემდეგი პირობებით: 6 თვით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, 3 წლით პირობითი მსჯავრი და 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმა”, – წერს შსს.