„ოცნების“ ხელისუფლებას აკრიტიკებენ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები

პუბლიკა

მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ნაწილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საჯაროდ აკრიტიკებს. პირველი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი იყო – მან 10 ნოემბერს წირვის შემდეგ ქადაგებისას ხელისუფლება გააკრიტიკა.

„ღმერთმა შეუნდოს“, – ასე გამოეხმაურა „ოცნების“ დეპუტატი მარიამ ლაშხი მიტროპოლიტის ქადაგებას. „ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, ლაშა მაჭავარიანმა კი მიტროპოლიტის განცხადებას „უპასუხისმგებლო“ უწოდა. 

ამ მოვლენების ფონზე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი აქვეყნებს მიტროპოლიტ იობთან ერთად გადაღებულ ფოტოს.

ეპისკოპოსი ფოტოს ურთავს ციტატას ძველი აღთქმიდან, სოლომონის იგავიდან: 

„ნუ ამხილებ უკეთურთა, რათა არა მოგიძულონ შენ,ამხილე ბრძენსა და შეგიყუაროს შენ.” (იგავნი სოლომონისა.9, 8.)“, – ვკითხულობთ ეპისკოპოსის მიერ მოხმობილ ციტატაში.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკრიტიკებს ვრცელ წერილში მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი. მისი განცხადება ქვეყანაში არსებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ამახვილეს ყურადღებას. განცხადებას სრულად გთავაზობთ:

„საზოგადოებაში განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია და ფართო განხილვის საგანი გახდა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის 10 ნოემბრის ქადაგება, რომელშიც მან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ სულიერ, სოციალურ და ეროვნულ გამოწვევებზე. გვსურს, ამ საკითხთან დაკავშირებით დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ეკლესიის მისიასა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე.

ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ერის სადარაჯოზე. არსებობს დრო, როდესაც დუმილი არა თავმდაბლობა, არამედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა. ეკლესიის ისტორია გვასწავლის, რომ ჭეშმარიტი მწყემსი არასდროს უშინდება მიწიერ ძალაუფლებას, როდესაც საქმე ერის გადარჩენას ეხება. ჩვენ გვახსოვს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სიმტკიცე მეფის წინაშე, წმინდა იოანე ოქროპირის მხილება სამეფო კარის უსამართლობაზე და წმინდა ამბროსი ხელაიას თავგანწირვა საბჭოთა რეჟიმის პირისპირ. სწორედ ამ მემკვიდრეობის ერთგულება გვავალდებულებს დღესაც, ხმამაღლა და შეულამაზებლად ვთქვათ სიმართლე მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრება ერის ზნეობრივ საფუძვლებსა და მომავალი თაობის გადარჩენას. 

ნებისმიერი ღვთისმსახურების დროს ეკლესია ლოცულობს „ქრისტესმოყვარისა მთავრობისა და მხედრობისათვის“. ეს ლიტურგიკული ფორმულა უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფალს. მთავრობა „ქრისტესმოყვარე“ და ღვთისგან კურთხეულია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ქრისტიანული ზნეობით, სამართლიანობითა და მოყვასის სიყვარულით მართავს ქვეყანას, იცავს სარწმუნოებას, ეროვნულ ღირებულებებსა და საკუთარი ხალხის კეთილდღეობას. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ზურგს აქცევს და ერის გამანადგურებელ პროცესებს უწყობს ხელს, თავადვე შორდება ამ კურთხევასა და საღვთო მადლს.

სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ სათამაშო ბიზნესისა და ნარკოტიკული საშუალებების უკონტროლო გავრცელებითა და ფაქტობრივი წახალისებით, ჩვენი ახალგაზრდობა უმძიმესი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. ლუდომანია და ნარკომანია ანადგურებს ოჯახებს და ართმევს ქვეყანას მომავალს.

ამავდროულად, უკიდურესად შემაშფოთებელია ქვეყანაში შექმნილი მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა. მაშინ, როდესაც ქართველი მოსახლეობა იძულებულია, ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში გადაიხვეწოს და ქვეყანა იცლება ადგილობრივი მოსახლეობისგან, ვხედავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის არაბული ქვეყნებიდან მიგრანტებისა და ვიზიტორების უკონტროლო და მასობრივ შემოდინებას, მიწებისა და ქონების გასხვისებას. ასეთი უპასუხისმგებლო საემიგრაციო და ეკონომიკური პოლიტიკა პირდაპირ ემუქრება საქართველოს ეროვნულ იდენტობას, კულტურულ თვითმყოფადობასა და დემოგრაფიულ ბალანსს.

ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფა, უკანონო მიყურადება და თვალთვალი, რომელიც მიმართულია როგორც სასულიერო პირების, ისე ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ. ადამიანის თავისუფლება და ღირსება ღვთისგან ბოძებული უზენაესი ნიჭია, ხოლო პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ მორალს, ისე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. ეკლესიის შიდა ცხოვრებასა და მოქალაქეთა პირად სივრცეში ასეთი ჩარევა ძირს უთხრის საზოგადოებრივ ნდობას და აზიანებს თავად სახელმწიფოს საფუძვლებს.

 სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, დამოუკიდებლობასა და ერის საერთო კეთილდღეობისთვის მსახურებას. ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო დაფინანსებითა თუ ფარული ზეწოლის მექანიზმებით, რადგან ჩვენი მთავარი ანგარიშვალდებულება უფლისა და ჩვენი მრევლის წინაშეა.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააცნობიეროს საკუთარი ისტორიული პასუხისმგებლობა ერისა და ღვთის წინაშე, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი, გადადგას ქმედითი ნაბიჯები სათამაშო ბიზნესისა და ნარკოპოლიტიკის გამკაცრებისკენ, გაატაროს ეროვნულ ინტერესებზე მორგებული საემიგრაციო და დემოგრაფიული პოლიტიკა და დაიცვას ჩვენი ქვეყნის მომავალი“, – წერს მიტროპოლიტი.

რა თქვა მიტროპოლიტმა იობმა

მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა 10 ნოემბერს წირვის შემდეგ ქადაგებისას ხელისუფლება და ხელისუფლების მიერ ეკლესიის დაფინანსების პრაქტიკა გააკრიტიკა, რადგან ამის შედეგად, მიტროპოლიტის თქმით, სასულიერო პირების დიდი ნაწილი ხელისუფლების წინააღმდეგ ხმას ვეღარ იმაღლებს.

„ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიურია. დღეს მცდელობა არის ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმის. და რაში გამოიხატება ეს – გამოიხატება იმაში, რომ დაფინანსებას აძლევენ ეკლესიას და როდესაც კომფორტი იქმნება სასულიერო პირებში, ძალიან რთული არის უკვე ჭეშმარიტების აღიარება. ძალიან რთული არის სულიწმინდის კარნახით იმოქმედოს სასულიერო პირმა. და ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ.

დღეს სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა. თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით და ბევრისთვის ძალიან რთული გასაგებია – ქადაგებ, რომ გაჭირვება დაითმინონ, ქაგადებ, რომ სიღარიბე დაითმინონ, ვიღაცას დაეხმარონ და შენ ამას არ აკეთენ – როგორ შეისმენს მრევლი, სულიერი შვილები?! ასე, დიდ კასტასავით ჩამოყალიბდა საქართველოში ხელისუფლებასთან შერწყმით… არაფრით არ შეიძლება“, – თქვა მიტროპოლიტმა იობმა ქადაგებისას.

მისი თქმით, სახელმწიფოსგან დაფინანსების მიერ მოტანილი ცუდი მაგალითია საბერძნეთი, სადაც მიტროპოლიტის მტკიცებით, შედეგად ის მოხდა, რომ ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვეს, ამის შემდეგ კი ქვეყნის პრემიერს სასულიერო პირები ზეიმით ხვდებიან. გამოსავალი მისი თქმით, შეიძლება ის იყოს, რომ ეკლესია მრევლის გადასახადებიდან დაფინანსდეს.

„ჩვენთან ახლა დიდი იერარქი ვერ იტყვის სიმართლეს. ვერ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას მოვლენებისადმი იმიტომ, რომ ძირითადად ეკლესია ფინანსდება სახელმწიფოსგან. კარგი, ვთქვათ, დაფინანსდეს – იყოს გამჭვირვალე. 

თითოეულმა თქვენგანმა, მრევლის წევრებმა, უნდა იცოდეთ სად რა იხარჯება თითოეული თეთრი. სად მიდის, რას ხმარდება. მაგრამ ესეც ყველამ არ ვიცით…

…ჩვენ რაღაც-რაღაცებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ. ჩვენ ვიცით, წინა ხელისუფლება რას აკეთებდა – გასაგებია, გადაირჩია ერმა. მაგრამ ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს – განარკომანდა დიდი ნაწილი ახალგაზრდების, გაძლიერდა ლუდომანია, კაზინოების დაარსებით და ხელისშეწყობით“, – თქვა იობმა.

მიტროპოლიტი სუსის კრებსებსაც შეეხო და თქვა, რომ კრებსების გასაჯაროება ბიძინა ივანიშვილის მიერ პატრიარქზე გაკეთებულ კომენტარს მოჰყვა