გორდულაძე: არაკონსტიტუციური ქმედების შედეგების დალოდებაც არაკონსტიტუციური ქმედების თანაზიარობას გამოხატავს

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელზე სხდომა მიმდინარეობს.

პროცესზე მოსამართლეები მოსარჩელე მხარეს – „ქართულ ოცნებას“ კითხვებს უსვამენ.

მოსამართლე ევა გოცირიძემ მოსარჩელეს ჰკითხა – როგორ მიემართება 2012 წლამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას ჩადენილი დანაშაულები დანარჩენ პარტიებს:

– ერთ პარტიას როდის შეიძლება შეერაცხოს მეორე პარტიის ქმედება?

– 2012 წლამდე მომხდარი ფაქტები მიემართება ყველა იმ პარტიას, რომლებიც გარკვეულ თანამშრომლობას ახორციელებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“? ასე უნდა გავიგოთ?

„ერთია – პარტიის მიერ ჩადენილი არაკონსტიტუციური ქმედება, და მეორე – პარტია, რომელიც მასთან კოალიციაში შედის. ის თანაზიარი ხდება ამ არაკონსტიტუციური, კანონგარეშე ქმედებებისა.

როდესაც კონკრეტული პარტია მეორის მიერ ჩადენილ ქმედებებს არათუ არ ემიჯნება სიტყვიერად (სადაც დუმილიც მოწონებას ნიშნავს), არამედ ამ პარტიებთან სინერგიაში მოქმედებს, ის უკვე პასუხისმგებელი ხდება იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლებიც ერთ-ერთ პარტიას წარსულში აქვს ჩადენილი – მიუხედავად იმისა, რომ მათ, შესაძლოა, უშუალო კავშირი არ ჰქონდეთ ამ დანაშაულებთან.

როდესაც ასეთ პარტიასთან ახლად წარმოქმნილი პარტია კოალიციურ ერთობაში შედის, იგი პასუხისმგებელი ხდება მათ შორის ძველი პარტიების მიერ ჩადენილ დანაშაულებზეც“, – განაცხადა გორდულაძემ.

ევა გოცირიძე ჩაეკითხა:

–  რაკი თანამშრომლობენ, „ყველა ყველაფერზეა პასუხისმგებელი“ – ეს მიდგომა უნდა გამოვიყენოთ თუ დიფერენციაცია?

„ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელს ერთვის არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ერთ-ერთი არის ე.წ. ერთობის დეკლარაცია. ამ დეკლარაციით ერთობა გამოიხატება იმაში, რომ მათ აქვთ მიზანი, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აუცილებლად შექმნან კოალიციური მთავრობა და ჰყავდეთ ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი.

ეს არის თუ არა იმის მტკიცებულება, რომ ისინი ერთ ორგანიზმად მოქმედებენ? მეტი რაღა უნდა გამოხატონ?! როდესაც კონკრეტული პარტია ამბობს, რომ არაკონსტიტუციურ მოქმედებაში მონაწილეობა არ შეიძლება, მაგრამ ამავდროულად ელოდება ამ არაკონსტიტუციური ქმედების შედეგებს, რაც გაცხადებული აქვს, მაშინ რა გამოდის? თუ იგი ელოდება არაკონსტიტუციური შედეგების დადგომას და ამაზე აწყობს პოლიტიკურ ნაბიჯებს, ის თანაზიარია იმ ქმედებისა, რომელიც ერთ შემთხვევაში სხვა პარტიის წარმომადგენლებმა დააორგანიზეს და წაახალისეს, მეორე შემთხვევაში მოიწონეს, ხოლო მესამე შემთხვევაში – შედეგებს ელოდებოდნენ. შედეგების დალოდება არაკონსტიტუციური ქმედების თანაზიარობას გამოხატავს“, – თქვა გორდულაძემ.