ირაკლი კობახიძემ დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე „გლობალური ომის პარტიის“ კონსპირაციული ნარატივები განავითარა.
მან თქვა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და 2014 და 2022 წლებში უკრაინაში დაწყებული ომების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, თუმცა, მისი თქმით, „ზოგიერთ გავლენიან ადამიანს“ ამის სურვილი არ ჰქონდა.
„დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელი იყო სამივე ამ ომის თავიდან აცილება: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის და ასევე ორი რუსეთ-უკრაინის ომის. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთ გავლენიან ადამიანს არ სურდა ამ ომების თავიდან აცილება“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ დუბლინში კიდევ ერთხელ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადება, რომ „საქართველოს ხელისუფლებას „გლობალური ომის პარტიის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ქვეყნის ტერიტორიაზე „მეორე ფრონტის“ გახსნა პირდაპირ და კატეგორიულად მოსთხოვა“.
კობახიძის თქმით, ის ამ შეხვედრას პირადად ესწრებოდა თავის წინამორბედთან ერთად.
„ჩვენთან მოვიდა ერთ-ერთი პირი, რომელმაც პირდაპირ და კატეგორიულად მოითხოვა, რომ საქართველოს მეორე ფრონტი გაეხსნა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ადამიანი „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენელი იყო და ამაში დარწმუნებული ვართ. ამასთან, ამ პირს ძალიან მაღალი ოფიციალური სტატუსი ჰქონდა. ის ოფიციალურ ორგანოებთან და სტრუქტურებთან იყო დაკავშირებული“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ არასდროს ასახელებს „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლების ვინაობას, ვინაიდან ეს „სახიფათოა“.
ამასთან, კობახიძის მტკიცებით, საქართველოს ომში ჩათრევას არც ევროკავშირი ცდილობდა და არც ამერიკის შეერთებული შტატები, მათ შორის არც აშშ-ის წინა ადმინისტრაცია. მისი თქმით, ეს კონკრეტული ძალების მცდელობა იყო, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე როგორც ევროკავშირში, ისე შეერთებულ შტატებში.
„გლობალური ომის პარტია” მმართველი პარტიის კონსპირაციაა. ხელისუფლების წევრები ხშირად ავრცელებენ დაუსაბუთებელ მოსაზრებებს, რომ სწორედ „გლობალური ომის პარტიას” სურს, საქართველო ომში ჩაითრიოს.
ხოლო საერთაშორისო კონსპირაციის თანახმად, deep state არის ჩრდილოვანი მმართველობა – ხელისუფლების ტიპი, რომელიც მოიცავს ძალაუფლების საიდუმლო და არაავტორიზებულ ქსელებს და რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად საკუთარი დღის წესრიგისა და მიზნების მისაღწევად.