არჩილ გამზარდია
პოლიტოლოგი, ტელეწამყვანი
ვეცდები, იმ კითხვებსა თუ მითებზე ჩემი აზრი გაგიზიაროთ, რაც დღეს ჩვენი მოსახლეობის ნაწილში არსებობს საკმაოდ გულწრფელი შიშისა და შეშფოთების კუთხით, თუმცა, ჩემი აზრით, მცდარი მითოსური ინტერპრეტაციებით, ცოტა ვრცელია, მაგრამ იმედია, არ დაგეზარებათ წაკითხვა:
მითი 1: “ნატოსკენ და ევროკავშირისკენ სწრაფვა რომ არა, არც უკრაინას და არც ჩვენ პრობლემას არ შეგვიქმნიდა რუსეთი.“
პასუხი: ეს მითი, პირველ რიგში, მცდარია იმიტომ, რომ რუსეთი „ნატოს“ ფაქტორს საბაბად იყენებს და არა მიზეზად. მიზეზი რუსეთისთვის სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და თავისუფლებების მიუღებლობაა. რუსეთი თვლის, რომ სსრკ–ც კი მიუღებელია, რადგან რესპუბლიკებს „ზედმეტი“ ავტონომიები ჰქონდათ, ამიტომ რუსეთი სახელმწიფოებს ხედავს არა ორგანიზაციულ კავშირში, არამედ მხოლოდ საკუთარი იმპერიის ფარგლებში. რუსეთი თვლის, რომ უკრაინა სახელმწიფო არაა, რომ ის რუსეთია, რომ ამიერ და იმიერ კავკასიის ქვეყნები რუსეთის შემადგენელი ნაწილია, ასევე აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები და ა.შ.
შესაბამისად, „ნატოც“ და „ევროკავშირიც“ რუსეთისთვის მიუღებელია იმიტომ, რომ ეს გაერთიანებები სახელმწიფოთა შორის კავშირია, თავისუფალ ქვეყნებს შორის კავშირი, რაც რუსეთის იმპერიულ ინტერესს ეწინააღმდეგება.
მეტიც, ჩვენს თვალწინვე ვხედავთ ამ პროცესს და შორს წასვლაც არ გვჭირდება, მაგალითად, რუსეთისვე „აღიარებული“ ჩვენი ოკუპირებული რეგიონები. რუსეთის „გადასახედიდან“ ხომ თვლის ის „სახელმწიფოებად“ „აფხაზეთსა“ და „სამხრეთ ოსეთს“, მაშნ როდესაც ამ რეგიონებს არავისთან კავშირი არ აქვს, მხოლოდ რუსეთზეა ჩამოკიდებული, რუსეთისთვის ეს მაინც არაა საკმარისი პირობა და ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ეს ფსევდო სტატუსებიც „დამოუკიდებლობის“ არ გააჩნდეთ, უბიძგებს რა ცხინვალსაც რუსეთში შესვლას და აფხაზეთსაც. აფხაზეთში აქ მეტი დისკომფორტი აქვს ადგილობრივი მოსახლეობისგან, ამიტომაც კრემლი მუდმივად ერევა იქ შიდა პოლიტიკურ პროცესში, სადაც კრემლისტურ ძალებს აწინაურებს, ე.წ. თავისუფლების მომხრეთა საპირისპიროდ.
გამოდის, რომ „ნატო“ და „ევროკავშირი“ კი არ არის მთავარი მიზეზი რუსეთისთვის, არამედ თავისუფალი ქვეყნების არსებობა. განსაკუთრებული სიძულვილი რუსეთის მხრიდან „ნატოსა“ და „ევროკავშირის“ მიმართ კი განპირობებულია იმით, რომ ისინი სახელმწიფოთა თავისუფლებას და სუვერენიტეტს ცნობენ.
მითი 2: „თუ ნატო და ევროკავშირი კარგია, რატომ არ ეხმარება ნატო და ევროკავშირი უკრაინას (ან საქართველოს 2008-ში), რომელიც მარტო ომობს? გამოდის, რომ ისინი ცუდია“
პასუხი: ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს კრიტიკის საგანიც, უკმაყოფილებისაც, არასაკმარისობის შეფასებისაც. ჩვენ ველით მეტს, როცა გვპირდებიან მხარდაჭერას და ასეც უნდა იყოს. თუმცა, ჯერ გასაზომია ტერმინი „დახმარება“ – რას ვგულისხმობთ ამაში? დახმარება შეიძლება იყოს პოლიტიკური, ეკონომიკური, რეფორმებით, სუვერენიტეტის დაცვით, სამხედრო, ინფრასტრუქტურული და ა.შ.
უკრაინას რომ თავი დავანებოთ, კარგად გადავავლოთ თვალი ბოლო წლების საქართველოს და ძალიან მარტივად ვუპასუხოთ კითხვებს: ნებისმიერი პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, უფლებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ, სამხედრო, სივერენიტეტის დაცვის და ა.შ. დონეზე, საიდან მივიღეთ ჩვენ ან მხარდაჭერა თითოეულ მათგანში ან ფინანსები ან ინტელექტუალური რესურსი, სანამ თავად ვისწავლიდით და ა.შ. ? ბოლოს და ბოლოს, საიდან გვაქვს ეს ყველაფერი? – ალბათ, პასუხს, მიხვდებით თავადვე, თუმცა, მაინც დავაზუსტებ, რომ უდიდესი წილი თუ რამ წარმატება გაგვაჩნია რომელიმე მიმართულებით, ეს არის სწორედ იმ ორგანიზაციების მხარდაჭერით, რომლებიც ჩამოვთვალეთ.
აქვე ასევე მარტივად ვუპასუხოთ კითხვას – ნებისმიერი ზარალი, სიკვდილიანობა, ტერიტორიების კარგვა, დევნილობა, დაპირისპირება და ა.შ. – რომელი სახელმწიფოსგან გვაქვს მოყენებული? – აქ უკვე კითხვა რიტორიკულია, რადგან ეს უკანასკნელი რუსული მმართველობის შედეგად გვაქვს.
მითი 3: „ღარიბაშვილს რომ არ ეთქვა უარი სანქციებზე საჯაროდ, საქართველო დაიღუპებოდა“.
პასუხი: მოდი, პირველ რიგში განვსაზღვროთ „სანქციის“ ფაქტორი. ცხადია, რომ სახელმწიფოები ცდილობენ სანქციის შინაარსში განსაზღვრონ ის შესაძლებლობები, რომელსაც სანქცირებულის მიმართ ან ეკონომიკური ან პოლიტიკური ან სამხედრო და სხვა იმ ტიპის შეზღუდვები დაუწესონ, რომელიც დამწესებელ ქვეყანას, ბუნებრივია, არ ანგრევს, მაგრამ საშუალებას აძლევს სახელმწიფომ თავისი როლი ცივილიზებული სახელმწიფოების კონტექსტში არჩევანის დონეზე განსაზღვროს.
ბუნებრივია, ჩვენ არც და ვერც დავუშვებთ იმ ტიპის სანქციების მოთხოვნას საკუთარი ხელისუფლების მიმართ, რომელიც საკუთარ ქვეყანას ჩამოანგრევდა და არც არავისგან არ ყოფილა მსგავსი მოთხოვნა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მაშინ, თავის თავად ჩნდება შეკითხვა, რა შეუძლია საქართველოს ან რა იქნება გონივრულიც და ღირსეულიც. საქართველოს, რომც უნდოდეს, არ შეუძლია იმ ტიპის სანქციები დააწესოს, რომელიც მტრულად განწყობილ ქვეყანას არსებით ზარალს მიანიჭებდა, შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რა შეიძლება გააკეთოს საქართველომ?
პირველ რიგში, ე.წ. სანქციები საქართველოსნაირი ქვეყნისგან, არის სიმბოლური აქტი. როგორც სანქციებზე უარის თქმა გულისხმობს სიმბოლურ აქტს, როგორ უყურებს საქართველო თავის ადგილს, ასევე სიმბოლური თანამონაწილეობით აჩვენებს აჩვენებდა ჩვენს სოლიდარობას და არჩევანს.
სანქციებმა უნდა დააზარალოს სანქცირებული და არა ის, ვინც აწესებს სანქციებს – ეს ჩემი შინაგანი რწმენაა და თავადვე ვარ იმის წინააღმდეგი, საქართველოს ისეთი სანქციები მოენდომებინა, რომელიც ჩვენს ქვეყანას, შვილებს, ხალხს დაუნგრევდა ცხოვრებას და სახელმწიფოებრიობას დააყენებდა დარტყმის ქვეშ, მაგრამ… სიმბოლური აქტები… მაგალითად, მეტი შეზღუდვა რუსეთის მმართველების წვდომისა ჩვენს ქვეყანაშ, იმ პირების მიმართ, რომლებიც ემტერებიან საქართველოს და უკრაინას? ეს ხომ შეიძლებოდა? – შეიძლებოდა. ჩვენ გვაქვს ტატუნაშვილი–ოთხოზორიას სია, გვაქვს კანონი ოკუპაციის შესახებ, განა არ შეიძლებოდა მათი გაჯერება იმ პირებით, რომლებიც უკრაინის მიმართ გამოირჩევიან დესპოტიზმითა და ზოგად საკაცობრიო დანაშაულების კუთხით? – შეიძლებოდა. განა არ შეიძლებოდა ისეთი სიმბოლური ხერხების მოძიება, რომელიც უკრაინისადმი ჩვენი სოლიდარობის გამოხატვას გაზრდიდა? – შეიძლებოდა, მაგალითად, მეტი თანაგრძნობა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მეტი მზაობა მათთვის ჩვენი შესაძლებლობების კონტექსტში მხარდაჭერისა, დევნილების, ჰუმანიტარული მისიის და ა.შ. ? – შეიძლებოდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის გულგრილი, ხელაღებითი და ზერელე დამოკიდებულება ამ საკითხზე უფრო მეტად მტკივნეულია ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის და შეურაცხმყოფელი ჩვენთვის, ვიდრე სანქციების დაწესებაში პასიურობა. ეს უტიფარი „არა“ უფრო გამაოგნებელია პრემიერის მხრიდან, ვიდრე მხოლოდ სომბოლური ჩართულობა. დარწმუნებული ვარ, რომ არავინ, არავინ არც მეგობარ ქვეყანაში, არც ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებულ მსხვერპლშეწირვას არ ითხოვს, მაგრამ სწორედ ეს ხელაქნეული უარია საკუთარ ქვეყანაზე დარტყმა პირველ რიგში.
გამოდის, რომ ჩვენი თანამონაწილეობა „სანქცირებაში“ სავსებით შეიძლება იყოს ისეთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ დააყენოს მძიმე დარტყმის ქვეშ, მაგრამ თავის თავი წარმოადგინოს ღირსეულად.
სასაუბრო ბევრია, მაგრამ ამ სამ მითზე შევჩერდები. საქართველოს ხელისუფლებას, ოპოზიციას, მთელ საზოგადოებას ნამდვილად რთული დილემები გვაქვს და დანის პირზე ვართ გასასვლელები, მაგრამ ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ერთი მხრივ, პოპულიზმით მივიყენოთ ჩვენ თავად დარტყმა, მეორე მხრივ, კი, არ დავრჩეთ უმეგობროდ, შერცხვენილად.
რუსეთის მცდელობებით, ჩვენ კიდევ არაერთხელ აღმოვჩნდებით დარტყმების ქვეშ და ისე არ ვქნათ, რომ არც არავინ დაგვრჩეს, ვინც დაგვეხმარება, სოლიდარობას გამოგვიცხადებს, მხარს დაგვიჭერს და ჩვენც რომ ვინმესთვის რამის თხოვნა შეგვრცხვეს.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს რედაქციის შეხედულებებს.